საქართველოს კომერციული ბანკები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას
ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს კომერციული ბანკები ფუნქციონირებას განაგრძობდნენ. იმისათვის, რომ კომერციული ბანკების ძირითად საქმიანობას საფრთხე არ შექმნოდა, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა, რამაც უზრუნველყო კომერციული ბანკების შეუფერხებელი საქმიანობა კონფლიქტის ყველაზე დაძაბულ პერიოდში. გასული კვირის განმავლობაში კომერციულ ბანკებზე მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა იქნა დაწესებული, კერძოდ, ეს იყო სასესხო ოპერაციებისა და ინტერნეტბანკინგის მომსახურების დროებით შეჩერება. 12 აგვისტოს, როდესაც მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო და კომერციული ბანკების უსაფრთხოდ ფუნქციონირებისათვის გარკვეული რისკები არსებობდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთდღიანი საბანკო არდადეგების გამოცხადების შესახებ. თუმცა მას შემდეგ, მთელი გასული კვირის მანძილზე კომერციული ბანკები ასრულებდნენ უკლებლივ ყველა საბანკო ოპერაციას, არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით.
2008 წლის 18 აგვისტოდან კომერციულ ბანკებს მოეხსნათ სესხებზე დაწესებული შეზღუდვები და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას. ამასთან, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო რეკომენდაციას აძლევს მათ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, გაამკაცრონ კონტროლი სესხების გაცემაზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საბანკო სექტორმა მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში გამოავლინა ძლიერი მედეგობა და ჩვეულ რეჟიმში უზრუნველყო კლიენტურის მომსახურება.
საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო მადლობას უხდიან კომერციული ბანკების ხელმძღვანელებსა და თითოეულ თანამშრომელს, ამ რთული პერიოდის მიუხედავად, მუშაობისათვის.