საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები 23,5 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები 23,5 პროცენტით გაიზარდა

04 სექტემბერი, 2008

2008 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი წარმოდგენილია 21 კომერციული ბანკით, მათ შორის 2 უცხოური ბანკის ფილიალით და ასევე 14 ბანკი საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1690,7 მლნ ლარით, ანუ 23,5 პროცენტით გაიზარდა და 8898,8 მლნ ლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 380,7 მლნ ლარით (25,9 პროცენტით) გაიზარდა და 1851,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 20,8 პროცენტს შეადგენს (ნაცვლად 20,4 პროცენტისა წლის დასაწყისისათვის). განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 137,2 მლნ ლარი, ანუ 30,2 პროცენტი შეადგინა. ბანკების რაოდენობა საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან  14 ერთეულამდე გაიზარდა და მათმა წილმა ბანკების საერთო საწესდებო კაპიტალში 63,9 პროცენტი შეადგინა.

2008 წლის იანვარ-ივლისში მოქმედი ბანკების შემოსავლები 2-ჯერ გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 964,1 მლნ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგების საერთო თანხამ 89,0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20,0 მლნ ლარით, ანუ 28,9 პროცენტით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან  შედარებით.

ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების ზრდამ ხელი შეუწყო საპროცენტო შემოსავლების ზრდას. წინა წელთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა 62,2 პროცენტით მოიმატა და მთლიანი შემოსავლების 59,6 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების ხარჯების მთლიანმა მოცულობამ იანვარ-ივლისში 848,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2,2-ჯერ მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ხარჯების ზრდის უდიდესი ნაწილი როგორც არარეზიდენტი ბანკებიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულ სესხებზე გადახდილ პროცენტებზე, ასევე რეკლამის, კომუნალურ და საფოსტო ხარჯებზე მოდის.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80,4-დან 78,6 პროცენტამდე შემცირდა.

საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობამ ივლისის ბოლოს 1,9 პროცენტი, ხოლო კაპიტალის რენტაბელობამ -  8,8 პროცენტი შეადგინა (ნაცვლად 2,3 და 11,9 პროცენტისა, შესაბამისად, გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის).

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

სხვა სიახლეები