საქართველოს ეროვნულ ბანკში 3 ახალი მონეტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში 3 ახალი მონეტის პრეზენტაცია გაიმართა

20 ნოემბერი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა ახალი მოდიფიკაციის 50 თეთრისა და ლითონის 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტების პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ესწრებოდნენ.   ახალი მონეტები დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიით ავსტრიის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ზარაფხანებში. 50-თეთრიანი ახალი მოდიფიკაციის მონეტა მიმოქცევაში იქნება ანალოგიური ნომინალის ძველი მონეტის პარალელურად, ერთ და ორლარიანი მონეტები კი შესაბამისი ნომინალის ქაღალდის ფულის ნიშნებთან ერთად.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, „მიმოქცევაში დღეს არსებულ მონეტებთან შედარებით უფრო მაღალი ნომინალის ლითონის ფულის მოჭრის აუცილებლობა, ევროსტანდარტებზე გადასვლის გარდა, დაბალი ნომინალის ბანკნოტების მაღალი ცვეთით და მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებით არის ნაკარნახევი, რაც გრძელვადიან პერიოდში ფულის ნიშნების გამოშვებისათვის საჭირო ხარჯების მნიშვნელოვანი ეკონომიის ტოლფასი იქნება.  გარდა ამისა, ლითონისა და ქაღალდის ფულის ერთდროული მიმოქცევა მომხმარებლისათვის მოსახერხებელია“.   საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას ახალი მოდიფიკაციის 50 თეთრის და ლითონის 1 და 2 ლარის ნომინალის მონეტების გამოშვებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით,  „მონეტები შესამჩნევად ეკონომიური, ვიზუალურად ლამაზი, გაყალბებისაგან დაცული და მომხმარებლისთვის მიმზიდველია.  საქართველოს ეროვნულ ბანკისთვის მათი მოჭრა, ქაღალდის ფულის დაბეჭდვასთან შედარებით, მნიშვნელოვანი ეკონომიის ტოლფასი იქნება“.   50 თეთრის, ერთი და ორი ლარის ნომინალის მონეტების ერთ მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო მეორე მხარეს ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი. დაცვის მიზნით, მონეტებზე დატანილია მიკროელემენტი, რომელიც ძველი კოლხური თეთრის ანალოგიას წარმოადგენს. სამივე მონეტის წიბო დაღარულია და გამოსახულია ორენოვანი წარწერა „საქართველო Georgia“. ორი ლარის ნომინალის მონეტის დამზადებისას გამოყენებულია ორფეროვანი ლითონი.
სხვა სიახლეები