საქართველოს ეროვნულ ბანკში 2009 წელს განხორციელებული რეფორმები და მაკროეკონომიკური ტენდენციები

საქართველოს ეროვნულ ბანკში 2009 წელს განხორციელებული რეფორმები და მაკროეკონომიკური ტენდენციები

04 თებერვალი, 2010

4 თებერვალს, სასტუმრო „თბილისი–მარიოტში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები და საქართველოს ეროვნულ ბანკში 2009 წელს განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, საბანკო ასოციაციისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
დღესვე ეროვნულ ბანკსა და საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის საბანკო ანგარიშების IBAN ფორმატით გამოყენების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა.

საქართველოს საბანკო სექტორში ანგარიშების IBAN ფორმატში წარმოებით  შემცირდება საკომისიო გადასახადები საბანკო გადარიცხვების დროს; მინიმუმამდე შემცირდება საოპერაციო რისკები და მაქსიმალურად გაუმჯობესდება კლიენტის მომსახურების ხარისხი; ასევე, მოხდება ანგარიშების ნომრების სტანდარტიზაცია.

„ჩვენს დღევანდელ შეხვედრას სამი მიზანი აქვს. პირველი ეს არის ეროვნული ბანკის მიერ 2009 წელს გატარებული რეფორმების საბანკო სექტორისათვის გაცნობა, ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალეა და,  შესაბამისად საბანკო სექტორთან ერთად გავდივართ ყველა იმ მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტს, რომელიც 2009 წელს ეროვნულ ბანკში განხორციელდა. მეორე, ეს გახლავთ  2009 წლის მაკროეკონომიკური ტენდენციების შეჯამება, რომელიც საქართველოში არსებულ ეკონომიკური სიტუაციის  მიმოხილვას გულისხმობს. მესამე – საერთაშორისო საბანკო ანგარიშის სტანდარტიზაცია, IBAN სისტემასთან მიერთება, რომელიც გამოიწვევს როგორც გადარიცხვის საკომისიოს, ისე გადარიცხვის პროცედურის შემცირებასაც. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც მიუერთდება იმ 47 ქვეყანას, სადაც საბანკო ანგარიშის აღნიშნული მოდელი ფუნქციონირებს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძემ ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებაც ისაუბრა. „რამდენიმე თვის წინ განვაცხადე და შემიძლია გავიმეორო, რომ კრიზისის ფსკერი დაძლეულია. მთელ რიგ და უმეტეს მაკროეკონომიკურ პარამეტრებში შეინიშნება ზრდა და ჩვენი მთავარი ამოცანა დღესდღეობით არის მთავრობასთან ახლო კოორდინაციით ზრდის ტემპი დავაბრუნოთ იმ მაჩვენებელზე რაც 2007 წელს იყო. 2010 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი. ინფლაციის პროგნოზი მომდევნო სამი წლის მანძილზე 6 პროცენტი იქნება. რაც შეეხება ლარის თემას, აჟიოტაჟი ჩამცხრალია და კურსის სტაბილურობას არაფერი ემუქრება“ – განაცადხადა გიორგი ქადაგიძემ „თბილისი–მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე.

პრეზენტაცია

სხვა სიახლეები