საქართველოს ეროვნულ ბანკში 2006-2009 წლებში საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში 2006-2009 წლებში საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

18 აპრილი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა დოკუმენტის – „საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგია 2006-2009 წლებისათვის“ პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, პარლამენტისა და მთავრობის, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.    პრეზენტაციაზე დამსწრე სტუმრებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიესალმა. „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა სტრატეგიული დოკუმენტი - ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც მოცემულია საბანკო სექტორში განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები,  მათზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფები და შესრულების კონკრეტული ვადები.  საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება მიზნად ისახავს საქართველოში ისეთი საბანკო სექტორის ფორმირებას, რომელიც კლიენტებს საბანკო მომსახურების უნივერსალურ კომპლექსს შესთავაზებს. სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული ღონისძიებები ყველა პარამეტრით შესრულდება და  ოთხი წლის შემდეგ საქართველოს საბანკო სისტემა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე გახდება“.   პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სტრატეგიული დოკუმენტის დეტალები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმა გააცნო.   სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში რობერტ კრისტიანსენმა გამოთქვეს თავიანთი აზრი.   ზურაბ გვასალიას შეფასებით, „სტრატეგიაში ასახულ პრინციპებსა და ტენდენციებს საბანკო სისტემის წარმომადგენლებიც იზიარებენ“.   რობერტ კრისტიანსენმა განაცხადა, რომ „ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს საბანკო სისტემა განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიზანმიმართულად განხორციელებული პოლიტიკის შედეგია. საქართველოს საბანკო სისტემის შემდგომი სრულყოფისა და მოდერნიზებისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის არსებობა მეტად მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბანკო სექტორისათვის შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტს პოზიტიურ შეფასებას აძლევს“.   პრეზენტაციაზე „თიბისი-ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ დადებითად შეაფასა საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და აღნიშნა, რომ „დოკუმენტის თანახმად, საშუალოვადიანი პერსპექტივის ძირითადი ამოცანაა არსებული პრობლემების თანდათანობით აღმოფხვრა, საბაზრო კონკურენციის პირობებში საბანკო სისტემის მდგრადობისა და ეფექტიანობის განმტკიცება, საბანკო სექტორის დინამიკური ზრდა და შედეგად, ქვეყნის ეკონომიკაში მისი როლის ამაღლება.“    „საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგია 2006-2009 წლებისათვის“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ახლახან დაამტკიცა.   საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული ტენდენციებისა და პარამეტრების შესრულება საბანკო სისტემას დაიცავს შიდა და გარე უარყოფითი მაკროეკონომიკური შოკებისაგან, საბანკო სექტორის მიმართ გაიზრდება საზოგადოების ნდობა, რაც ხელს შეუწყობს ბანკებში მოსახლეობის დანაზოგების აკუმულირებას და მათ ინვესტიციებად გარდაქმნას.
სხვა სიახლეები