საქართველოს ეროვნულ ბანკში ქართველ და გერმანელ ექსპერტთა ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ქართველ და გერმანელ ექსპერტთა ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

28 თებერვალი, 2008

2008 წლის 27 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა ქართულ-გერმანული პროექტის „საგადასახადო რეფორმა და ფისკალური პასუხისმგებლობა: საფინანსო და სოციალური პოლიტიკის შემდგომი სრულყოფის გზები საქართველოში" პრეზენტაცია. მას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა გერმანული ორგანიზაციების (გერმანიის საელჩო, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს თბილისის ბიურო, ფრიდრიხ ებერტის ფონდის კავკასიის ბიურო), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ეკონომიკური ექსპერტები.

პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი. მან დადებითად შეაფასა ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერ განხორციელებული პროექტი და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ტიპის კვლევები უფრო ხშირად ჩატარდება საქართველოში.

საქართველოს მხრიდან პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური სტატისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა სიმონ გელაშვილმა პროექტი გააცნო დამსწრე საზოგადოებას. მისი თქმით, პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო პროცესის სრულყოფასა და ეფექტიან საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

პროექტში მონაწილეობდნენ: პროფესორები მანფრედ როზე (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი), ვოლფ შეფერი (ჰამბურგის უნივერსიტეტი), გივი გამსახურდია, სიმონ გელაშვილი, თამარ გამსახურდია, ნატო კაკაშვილი (თსუ), დოქტორები, ანდრე იასტრცემბრსკი, ტანია კირნი, ელგუჯა ხორკიშვილი (პოტსდამის უნივერსიტეტი), ელკე ბაუმანი (გერმანიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო).

კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოახდინა პროექტის ხელმძღვანელმა, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსური მეცნიერებების კათედრის გამგემ, გერმანიის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის (DIW, ბერლინი) პროფესორმა, გერმანია-საფრანგეთის სამთავრობო ეკონომიკური კომისიის წევრმა, ევროკავშირის ექსპერტმა საფინანსო საკითხებში პროფესორმა ჰანს-გეორგ პეტერსენმა.

კვლევის შედეგები წიგნის სახით გერმანულ ენაზე უკვე გამოიცა და ამჟამად გერმანიაში მზადდება მისი ინგლისური და ქართულენოვანი თარგმანი, რომელსაც მკითხველი მიმდინარე წელს მიიღებს.

საკონტაქტო პირი:

გიორგი კალანდაძე,
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
ტელ.:(995 32) 442 488
ელ. ფოსტა: prd@nbg.gov.ge

 

სხვა სიახლეები