საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერთიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერთიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა

13 ოქტომბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო ასოციაციისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თაოსნობით, სავარაუდოა, რომ გაიხსნას ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერთიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის (ACAMS) წარმომადგენლობა. ამის შესახებ ითქვა 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ აღნიშნული ასოციაციის პრეზენტაციაზე.   პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი 17 კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის, ფასიანი ქაღალდების კომისიის, საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, აშშ-ის საელჩოს, ევრობანკის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, აშშ-ის ადვოკატთა ასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ახალ ინიციატივას მიესალმება. ეს ნაბიჯები მიმართულია ქვეყნის საბანკო სისტემის იმიჯის ასამაღლებლად მსოფლიო მასშტაბით. თუ საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო დონის სერთიფიკატის მისაღებად საჭირო სპეციალისტები მომზადდება, ნებისმიერ კომერციულ ბანკს, სადაზღვევი კომპანიას, პროკურატურის ორგანოებსა თუ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს პროფესიონალი ექსპერტების დახმარების მიღება შეეძლებათ.   ბოლო პერიოდში მსოფლიოში ტერორიზმის მძვინვარების ფონზე, შავი ფულის ლეგალიზების თემამ აქტუალობა შეიძინა. ამ და სხვა მრავალი უკანონო ქმედებების აღკვეთა საერთაშორისო თანამეგობრობის საფინანსო სისტემის საზრუნავი გახდა. ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკი სერიოზულად მუშაობს“.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მომავალ თვეში იგი რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის წინაშე კვლავ აპირებს აფხაზეთში რუსული ბანკების უკანონო საქმიანობის საკითხის დაყენებას და, თუ ამ ნაბიჯმა შედეგი არ მოიტანა, საქართველოს ეროვნული ბანკი რეაგირებისათვის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.   ACAMS ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემუშავებულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს სხვადასხვა ქვეყნებში ნერგავს. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრძოლის საკითხებში ასოციაცია ექსპერტთა  სწავლება-მომზადებას ახორციელებს. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესის გლობალიზაციას.   ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერთიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაცია ACAMS (Association of Certified Anty-Money laundering Specialists) 2001 წლის 7 ნოებერს, აშშ-ში ქ. მაიამში ჩამოყალიბდა, რომელიც 100 ქვეყნის 2800-ზე მეტ პროფესიონალ ექსპერტს აერთიანებს. ასოციაციას ჰყავს საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც FATF-ის (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი) ყოფილი პრეზიდენტი კლერი ლო ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები არიან Bank of America-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს რიჩარდსი, ABN-AMRO-ის ვიცე-პრეზიდენტი მერი ბრაუნანი, Citigroup-ის დირექტორი რიჩარდ სმოლი.
სხვა სიახლეები