საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური რისკის მართვის საკითხებზე სემინარი გაიმართა
10 სექტემბერი, 2007
საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს სემინარი თემაზე – „ფინანსური რისკის მართვა“, რომელსაც უძღვება ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის კვლევითი სააგენტოს ექსპერტი ალან ბასტინი. სემინარში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების საკრედიტო რისკების მენეჯერები, რისკის მართვის მენეჯერები და შიდა აუდიტორები.
სემინარზე ყურადღება გამახვილდა საბანკო სექტორში რისკების მართვის კონცეფციებზე და ზოგადად, თემის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე. უცხოელმა ექსპერტმა მიმოიხილა ცენტრალური და კომერციული ბანკების მიერ ამ კუთხით გასაწევი საქმიანობის დეტალები, ისაუბრა რისკების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაზე.
ალან ბასტინმა აღნიშნა, რომ „სემინარი ხელს შეუწყობს დამსწრე საზოგადოების თვალსაწიერის გაფართოებას რისკების მართვასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მდგომარეობის შეფასებას დღესდღეობით შიდა რეგულირების, პროდუქტებთან მიმართებაში რისკის განსაზღვრისა და შიდა მეთოდოლოგიების კუთხით. სემინარი განკუთვნილია მათთვის, ვისაც მცირე გამოცდილება აქვს რისკის მართვაში“, განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება ჩვენთვის.
სემინარზე ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების კვლევითი სააგენტოს ექსპერტმა კომერციულ ბანკებში რისკების მართვის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. „ადგილობრივ ბაზარზე კომერციულ საფინანსო ინსტიტუტებში რისკების მენეჯმენტი ერთ-ერთი ახალი სფეროა, მისი განვითარება ბანკების ფინანსურ მდგრადობას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა ალან ბასტინმა.
ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის კვლევითი სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს საფინანსო და საბანკო სექტორების წარმომადგენლებისათვის 2007 წლის განმავლობაში სასწავლო სემინარების ჩატარებას. სემინარები გაიმართება თბილისსა და ლუქსემბურგში. მომავალში საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების ორგანიზატორი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკი. რაც შეეხება ლუქსემბურგში ორგანიზებულ სემინარებს, ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის კვლევითი სააგენტო აანაზღაურებს მონაწილეთა ხარჯებს.
საქართველოს ეროვნული ბანკში სემინარი 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.