საქართველოს ეროვნულ ბანკში სტუდენტური კონფერენციის დასკვნითი ტური გაიმართა
07 ივნისი, 2007
7 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სტუდენტური კონფერენციის დასკვნითი ტური, რომელზეც მოხსენებები კონკურსში გამარჯვებულმა ექვსმა სტუდენტმა წარადგინა.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.
რამდენიმე თვის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადეს კონკურსი ეკონომიკური თემატიკის ნაშრომებზე, რომლებიც სტუდენტურ კონფერენციაზე იქნებოდა წარმოდგენილი.
კონფერენცია ორ ეტაპად ჩატარდა. განსახილველად შემოსული 15 ნაშრომიდან ექვსი შეირჩა. კერძოდ, გიორგი ქევანიშვილის, გიორგი კვარაცხელიას, ქეთევან ღუდუშაურის, გიორგი ყუფარაძის, გიორგი ოქროპირიძისა და შალვა კაშმაძის ნაშრომები.
საკონფერენციო თემები ეხებოდა სავალუტო ბაზრისა და გაცვლითი კურსის ჩამოყალიბების, მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზირების, ინფლაციის თარგეთირების, უცხოური ინვესტიციებისა და საბანკო მენეჯმენტისა და ზედამხედველობის საკითხებს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სიგელები და ენციკლოპედიური გამოცემა „ფული საქართველოში“, ხოლო ექვსი გამომსვლელიდან ორი – გიორგი ქევანიშვილი და შალვა კაშმაძე, როგორც საუკეთესო ნაშრომთა ავტორები, დამატებით დაჯილდოვდნენ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მონეტებით.