საქართველოს ეროვნულ ბანკში „საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების კომიტეტის“ სხდომა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში „საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების კომიტეტის“ სხდომა გაიმართა

27 სექტემბერი, 2005
საქართველოს ეროვნულ ბანკში 27 სექტემბერს „საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების კომიტეტის“ რიგით მეორე  სხდომა გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ღლონტის ინფორმაციით, ამ სტრუქტურის საქმიანობის მიზანია საგადამხდელო სისტემების საბოლოო მომხმარებლისთვის მომსახურების გაიაფება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ქვეყნის საფინანსო სისტემისთვის კი მნიშვნელოვანია სერვისის დაბალი თვითღირებულებისა და საიმედოობის მაღალი ხარისხის მიღწევა.   კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა, კერძოდ, განიხილა საქართველოს საბანკო სისტემის 2008 წლამდე პერიოდის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტი, რიგ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის საკითხი და კლირინგის სისტემაში SWIFT-ის ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა.   საგადამხდელო სისტემების განვითარების გეგმის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები 2005-2008 წლებში ითვალისწინებს გადახდის პროგრესული საშუალებებით – პლასტიკური ბარათებით მომსახურების გაფართოებას და მათი სტატისტიკური ანგარიშგების შემუშავებას, ასევე საგადამხდელო სისტემების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შემდგომ სრულყოფას. „საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების კომიტეტმა“ სხდომაზე განიხილა „საქართველოს უნაღდო ანგარიშსწორების წესებისა“ და „საგადახდო პლასტიკური ბარათებით ოპერაციის წარმოების შესახებ“ დებულების პროექტების საბოლოო ვერსიები, რომლებიც უახლოეს პერიოდში იუსტიციის სამინისტროში დასამტკიცებლად გადაიგზავნება. ასევე იმსჯელა ეროვნულ ბანკში საკლირინგო პალატის შექმნის საკითხზე. აღნიშნულ პალატასთან კომერციულ ბანკებს ურთიერთობა ექნებათ SWIFT-ის ქსელის გამოყენებით.   „საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების კომიტეტის“ შემადგენლობაში არიან საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, საფონდო და ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო და საგადასახადო სამსახურების, „ჯორჯიან ქარდისა“ და საფინანსო კორპორაცია „იუ-ეფ-სის“ შესაბამისი სტრუქტურების სპეციალისტები.
სხვა სიახლეები