საქართველოს ეროვნულ ბანკში საზოგადოებასთან ურთიერთობას 

დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ

საქართველოს ეროვნულ ბანკში საზოგადოებასთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ

25 ივლისი, 2007
2007 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოამზადა 125 პრესრელიზი, რომლებიც ფართოდ გავრცელდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (პრესით, ტელევიზიით, რადიოთი და სხვა სახის ელექტრონული მედიით).   საქართველოს ეროვნული ბანკმა გამოსცა ყოველკვირეული „საბანკო ბიულეტენის“ 13  ნომერი. „საბანკო ბიულეტენი“ არის პერიოდული ბეჭდვით-ელექტრონული გამოცემა, რომელშიც ოპერატიულად შუქდება საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესები, სხვადასხვა მოვლენები და სტატისტიკური მაჩვენებლები.   საბანკო სისტემის საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესების საზოგადოებისათვის ოპერატიულად მიწოდების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულარულად მართავდა შესაბამის თემებზე პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, კონფერენციებს, პრეზენტაციებსა და შეხვედრებს.   2007 წელს გაგრძელდა ტრადიციული შაბათის საგანმანათლებლო სემინარების მოწყობა საფინანსო-საბანკო თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის. სემინარებს უძღვებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სპეციალისტები და მოწვეული ექსპერტები. 2007 წლის პირველ ნახევარში ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა სემინარები შემდეგ თემებზე: საქართველოში ნაღდი ფულის მიმოქცევის საკითხები; მონეტარული პოლიტიკა: მიზნები, ამოცანები და პერსპექტივები; მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მათი როლი საფინანსო ბაზრის განვითარების საქმეში; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის; პროკრედიტბანკი: პერსპექტივები და გამოცდილება; კაპიტალის ბაზარი აშშ–ში; საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების მართვა საქართველოს ეროვნულ ბანკში; საგადასახდელო ბალანსი და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი; ინტეგრაცია სოსიეტე ჟენერალთან.   ეროვნულმა ბანკმა 2007 წლის 16 აპრილიდან მიმოქცევაში გაუშვა 200-ლარიანი ბანკნოტი, რომელიც „გიზეკე უნდ დევრიენტში“ დამზადდა. ახალი ბანკნოტის ღირსებების შესახებ ფართო მასების ინფორმირებისათვის აუცილებელი საინფრომაციო უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა განახორციელა. დაიბეჭდა პლაკატები, უზრუნველყო სატელევიზიო არხებით სარეკლამო რგოლის გაშვება.   2007 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეროვნული ბანკის ბაზაზე, გამოსაცემად აუცილებელი სრული ციკლის დაცვით, მომზადდა და დაიბეჭდა შემდეგი გამოცემები:   ·          „საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის წლიური ანგარიში“; ·          „მონეტარული და ფისკალური მიმოხილვა“ (ყოველთვიური, გამოიცა 6 ნომერი); ·          „ინფლაციის მიმოხილვა“ (I კვარტალი, ქართულ და ინგლისურ ენებზე); ·          ბროშურა „ქაღალდის ფული საქართველოში“; ·          „საგადამხდელო სისტემების ძირითადი პრინციპები“ (ცნობარი). გამოცემაში წარმოდგენილია საგადამხდელო სისტემების როლი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებაში, საქართველოს ეროვნული ბანკის როლი საგადამხდელო სისტემებში.   საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო საგამოფენო ცენტრ ექსპო–ჯორჯიას წიგნების ყოველწლიურ ფესტივალში. გამოფენაზე საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცემათა ექსპოზიციამ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ეროვნული ბანკის ოფიციალური გამოცემების გარდა, აქ წარმოდგენილი იყო ის ნუმიზმატური პროდუქცია (სამახსოვრო, საიუბილეო და საინვესტიციო მონეტები, წიგნი „ფული საქართველოში“ და სხვა საცნობარო ლიტერატურა), რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმშია წარმოდგენილი.     საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტგვერდზე განთავსებულია ეროვნული ბანკის საქმიანობის ამსახველი სრული საინფორმაციო რესურსი. საქართველოს ეროვნული ბანკის საინფორმაციო ბაზა „www.nbg.gov.ge“ წარმოდგენილია საზოგადოების ფართო სპექტრის ინტერესთა სრული გათვალისწინებით. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტგვერდის საინფორმაციო ბაზის განახლება ხდება სტატისტიკური მაჩვენებლების განთავსების ოპერატიული საჭიროებების შესაბამისად. ამასთან ერთად, მიმდინარეობს არსებული ინტერნეტგვერდის განახლებაზე მუშაობა. განახლებული დიზაინისა და გაზრდილი საინფორმაციო ბაზის მქონე ახალი ინტერნეტგვერდით სარგებლობა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.   საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური წარმომადგენლობის გვერდზე მიმდინარეობს მონაცემთა სრული მწკრივების განთავსება ინტერნეტსივრცეში, რომელიც საინტერესოა და მისაწვდომი საბანკო-საფინანსო სფეროში მომუშავე ანალიტიკოსებისა და მკვლევარებისათვის.   საბანკო სისტემის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად 2007 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ინტერნეტწარმომადგენლობის გვერდზე, მკაცრად გაწერილი გრაფიკის დაცვით, გამოქვეყნდა კომერციული ბანკების საბალანსო უწყისები.   საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც საჯარო დაწესებულება, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებით. საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს მისი საქმიანობის გამჭვირვალობას საზოგადოებისათვის. საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს მოქალაქეთა დაუბრკოლებელ მიღებასა და ინფორმაციის მიწოდებას მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვის მიზნით, ტარდება ერთობლივი სემინარები როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის, ისე კომერციული ბანკების თანამშრომლებისათვის.    
სხვა სიახლეები