საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ სემინარი ჩაატარა

საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ სემინარი ჩაატარა

19 ოქტომბერი, 2005
საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „Deloitte & Touche Tohmatsu“-ის ორგანიზებით გაიმართა სემინარი – „ცვლილებები აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში“.   მის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების, საქართველოს აუდიტორთა საბჭოს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები.   სემინარზე განიხილეს საბანკო საქმიანობისათვის დამახასიათებელი ძირითადი რისკების პროცედურული საკითხები, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში განხორციელებული ცვლილებები.   სემინარზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში თაღლითობისა და შეცდომის რისკების გათვალისწინებას როგორც კომპანიის მენეჯმენტისთვის, ისე აუდიტორისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აუდიტორების მიერ შემუშავებული მცდარი ფინანსური ანგარიშგება ხშირად ბუღალტრული შეფასებისას დაშვებული მიზანმიმართული უზუსტობებით არის განპირობებული.   სემინარზე ყურადღება გამახვილდა აუდიტირებას დაქვემდებარებული კომპანიის მენეჯმენტსა და აუდიტორულ კომპანიასთან პროფესიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე. მენეჯმენტმა აუდიტორს კომპანიის ფინანსური საქმიანობის სრული ინფორმაცია დროულად უნდა წარუდგინოს. თავის მხრივ, აუდიტორი ვალდებულია, ოპერატიულად შეაფასოს და რეაგირება მოახდინოს კომპანიის საქმიანობის რისკებზე.   „Deloitte & Touche Tohmatsu“ შვეიცარიული აუდიტორული კომპანიაა, რომელიც 150 ქვეყანაში საქმიანობს და 130 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ფინანსურ კონსულტაციებს უწევს მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს.   აღნიშნული სტრუქტურის შვილობილი კომპანიის „Deloitte & Touche“-ის მომსახურებით საქართველოში 13 ბანკი და 43 სახელმწიფო და კერძო კომპანია სარგებლობს.
სხვა სიახლეები