საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა
17 თებერვალი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა შაბათის ტრადიციული სემინარი თემაზე – „ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის“. სემინარი ჩაატარა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საააგენტოს პარტნიორი „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელმა დენ ბერკშაიამ.
„საქართველოში ბიზნესის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის,“ – განაცხადა დენ ბერკშაიამ. მისი თქმით, „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება სასწავლო პროგრამები ახალგაზრდა ბანკირებისა და დამწყები ბიზნესმენებისათვის. თბილისსა და რეგიონებში უკვე ათასზე მეტ კრედიტორს და პოტენციურ მსესხებელს ჩაუტარდა ტრეინინგი, მოხდა მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელის, დენ ბერკშაიას განცხადებით, უახლოეს მომავალში ტენდერის წესით შერჩეული საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ბანკების ასოციაციისა და კომერციული ბანკების მხარდაჭერით, დაგეგმილია პროფესიული გადამზადების ცენტრის ჩამოყალიბება. ამ ცენტრის შექმნის ძირითადი მიზანი საბანკო სექტორში დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაში მდგომარეობს. პროფესიული გადამზადების ცენტრს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დონორები დააფინანსებს.
დენ ბერკშაიას შეფასებით, „საბანკო სისტემა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წარმატებული სექტორია, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული პოლიტიკა უწყობს ხელს“.
გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემასა და ეკონომიკის სხვა სექტორებში მიმდინარე პროცესებს. სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მსგავსი სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში, ტრადიციულად, ყოველ შაბათს იმართება.