საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა

24 თებერვალი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა შაბათის ტრადიციული სემინარი თემაზე – „პროკრედიტ ბანკი: პერსპექტივები და გამოცდილება“.   სემინარი ჩაატარა სააქციო საზოგადოება „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ფილიპ პოტმა.   სემინარზე  ფილიპ პოტმა სს „პროკრედიტ ბანკის“  ამჟამინდელ საფინანსო მდგომარეობასა და მომავალ სტრატეგიულ მიმართულებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბანკის საქმიანობა,  ჯერ კიდევ ჩამოყალიბებიდან, 1999 წლიდან ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დასაკრედიტებლად. “ამჟამად სს „პროკრედიტ ბანკში“ რაოდენობრივად 55 ათასზე მეტი სადეპოზიტო და 120 ათასზე მეტი კლიენტის ანგარიშია გახსნილი,  რაც ბანკისადმი მზარდ დაინტერესებაზე მეტყველებს,” - განაცხადა ფილიპ პოტმა.     სააქციო საზოგადოება „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა საკრედიტო პორტფელის დივერსიფიკაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ  გაცემული სესხების 57 პროცენტს შეადგენს 10 000 აშშ დოლარზე ქვემოთ, ხოლო 4 პროცენტს 10 000 აშშ დოლარიდან 150 000 აშშ დოლარმდე თანხები, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის დასაკრედიტებლად. სესხების 25 პროცენტი კი ბინათმშენებლობისა და ბინის კეთილმოწყობის ხასიათისაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის მიერ ე.წ. ექსპრეს მიკრო-სესხების დანერგვა, რომელზედ მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესია. მისი მოცულობა 10 ათას ლარს არ აღემატება. ამ ტიპის სესხები მაქსიმუმ სამი წლის ვადით ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა.   „პროკრედიტ ბანკი“ 100 პროცენტით უცხოური კაპიტალითაა წარმოდგენილი. 2007 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, ბანკს 35 ფილიალი აქვს. მათ შორის, თბილისში 17, რეგიონებში კი – 18.    2007 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, სს „პროკრედიტ ბანკის“ მთლიანი აქტივების მოცულობა 429.6 მლნ ლარს, ანუ საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს. საანალიზო პერიოდისთვის, მისი სააქციო კაპიტალის მოცულობა 71. 3 მლნ ლარია.     გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემასა და ეკონომიკის სხვა სექტორებში მიმდინარე პროცესებს. სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მსგავსი სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში, ტრადიციულად, ყოველ შაბათს იმართება.
სხვა სიახლეები