საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა

03 მარტი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა შაბათის ტრადიციული სემინარი თემაზე – „კაპიტალის ბაზარი აშშ–ში“.   სემინარი ჩაატარა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკის ოფისის პროექტის მენეჯერმა რევაზ ორმოცაძემ.  მან მოკლედ მიმოიხილა აშშ-ის მეორად ბაზარზე არსებული ტენდენციები და ისაუბრა ძირითადი საფონდო ინდექსების ცვლილებების დინამიკაზე, საფონდო ბაზრის ეკონომიკურ ინდიკატორებზე.     სემინარზე რევაზ ორმოცაძემ გამოყო ორი ინდექსის ე.წ.  Dow-სa და Nasdaq-ის ცვლილების მნიშვნელობა საფონდო ბაზრების შემდგომი განვითარებისათვის. მან აღნიშნა, რომ მეორადი ბაზრის ლიკვიდურობა კომპანიისა და კერძო  პირისათვის ფულის მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა.   აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკის ოფისის პროექტის მენეჯერმა საქართველოს საფონდო ბაზარზე საუბრისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოს საფონდო ბირჟის ვაჭრობებში არ აქტიურობენ ე.წ. ინსტიტუციონალური ინვესტორები (სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები). სამომავლოდ, ამ ტიპის ინვესტორების გააქტიურებასთან და ზოგადად, ეკონომიკური კლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესებასთან ერთად, საქართველოშიც მეორადი ბაზარი უფრო მიმზიდველი გახდება.   გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემასა და ეკონომიკის სხვა სექტორებში მიმდინარე პროცესებს. სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მსგავსი სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში, ტრადიციულად, ყოველ შაბათს იმართება.
სხვა სიახლეები