საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა

10 მარტი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა შაბათის ტრადიციული სემინარი თემაზე – „საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვა საქართველოს ეროვნულ ბანკში“.   სემინარი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტის საერთაშორისო რეზერვების მართვის განყოფილების უფროსმა გიორგი არველაძემ. მან ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელობაზე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების საკითხში. მიმოიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დინამიკა, მისი ადეკვატურობის კრიტერიუმები, რეზერვების მართვის პრინციპები, ზრდის წყაროები და გამჭვირვალობის საკითხები.   „საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები განთავსებულია საიმედო, ლიკვიდურ და შემოსავლიან აქტივებში. კერძოდ, რეზერვები დაბანდებულია დაბალი რისკის შემცველ ფასიან ქაღალდებსა და მაღალი რეიტინგის მქონე უცხოურ კომერციულ ბანკებში,“ - განაცხადა გიორგი არველაძემ.   სემინაზე აღინიშნა, რომ  საერთაშორისო რეზერვების შევსების ძირითადი წყაროებიდან 2006 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე წმინდა შესყიდვების მოცულობამ 341.2 მლნ აშშ დოლარი, პრივატიზაციიდან მიღებულმა თანხებმა დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარი, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებულმა ტრანშებმა კი 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.   გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემასა და ეკონომიკის სხვა სექტორებში მიმდინარე პროცესებს. სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მსგავსი სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში, ტრადიციულად, ყოველ შაბათს იმართება.
სხვა სიახლეები