საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა
17 მარტი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა შაბათის ტრადიციული სემინარი თემაზე – „საგადასახდელო ბალანსი და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია“.
სემინარი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის საგადასახდელო ბალანსის განყოფილების უფროსმა ვახტანგ ფხაკაძემ. მან მიმოიხილა საგადასახდელო ბალანსის სტრუქტურა და დინამიკა, მისი კომპონენტები, ეროვნული, მიმდინარე და კაპიტალის ანგარიშები, საგადასახდელო ბალანსის მეთოდოლოგია და ა.შ. გარდა ამისა, ვახტანგ ფხაკაძემ ისაუბრა ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციაზე, რომელიც არის სტატისტიკური ანგარიში, სადაც ასახულია ქვეყნის უცხოური აქტივებისა და ვალდებულებების ნაშთები დროის მოცემული მომენტისათვის.
საგადასახდელო ბალანსი წარმოადგენს სტატისტიკურ ანგარიშს, სადაც სისტემატიზებული სახით მოყვანილია დროის განსაზღვრულ მონაკვეთში განხორციელებული საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების შემაჯამებელი მონაცემები მოცემულ ქვეყანასა და დანარჩენ სახელმწიფოებს შორის.
საგადასახდელო ბალანსის საბოლოო წარმოება მიმდინარე წლის დასაწყისიდან ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც შეიქმნა შესაბამისი განყოფილება. საგადასახდელო ბალანსის შემუშავება ეფუძნება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში მოწოდებულ საწარმოთა გამოკითხვის, შინამეურნეობების კვლევისა და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკურ ინფორმაციას. ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული ინფორმაციას შევსება ხდება საბანკო სექტორიდან მიღებული დეტალური მონაცემებით. რაც თავის მხრივ, ზრდის საგადასახდელო ბალანსის წარმოების ხარისხს.
საგადასახდელო ბალანსის სტატიტიკა მნიშვნელოვანია ანალიტიკური თვალსაზრისითაც, ვინაიდან მასში აისახება გაცვლის კურსის დინამიკასა და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე მოქმედი ფაქტორები.
სემინარზე აღინიშნა, რომ მიუხედავად 2005-2006 წლებში ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი ზრდისა, რაც გამოწვეულია უცხოური ინვესტიციების შემოდინების ზრდით, კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშების დადებითი სალდო აჭარბებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. შესაბამისად, არა მარტო სრულად ფინანსდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, არამედ იზრდება ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობაც. 2005-2006 წლებში საქართველოს ოფიციალური უცხოური სარეზერვო აქტივები 544 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
2006 წლის საგადასახდელო ბალანსის მონაცემები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნდება მიმდინარე წლის მარტის ბოლოს.
გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემასა და ეკონომიკის სხვა სექტორებში მიმდინარე პროცესებს. სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მსგავსი სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში, ტრადიციულად, ყოველ შაბათს იმართება.