საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა

05 მაისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა შაბათის ტრადიციული სემინარი თემაზე – „ინტეგრაცია „სოსიეტე ჟენერალთან“. სემინარი ჩაატარა სააქციო საზოგადოება „ბანკი რესპუბლიკას“ გენერალურმა დირექტორმა ჟილბერ ი-მ. სემინარზე  ჟილბერ ი-მ მიმოიხილა სს „ბანკი რესპუბლიკას“ ამჟამინდელი საფინანსო მდგომარეობა და მომავალ სტრატეგიულ მიმართულებებზე ისაუბრა.   მსოფლიოში საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, რისი მაგალითიცაა „სოსიეტე ჟენერალის“ გადაწყვეტილება ქართულ ბაზარზე შემოსვლის თაობაზე. „სოსიეტე ჟენერალი“ ქართულ საბანკო ბიზნესში მხოლოდ ექვსი თვეა რაც შემოვიდა, მაგრამ „ბანკი რესპუბლიკას“ მეშვეობით სერიოზულ პროექტებს ახორცილებს. ამ ეტაპზე ფრანგული ჯგუფის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი მზარდი ეკონომიკის მქონე, განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე შეღწევაში მდგომარეობს,“ -აღნიშნა სს „ბანკი რესპუბლიკას“ გენერალური დირექტორმა.   სემინარზე ითქვა, რომ სს „ბანკი რესპუბლიკა“ კლიენტებს უნივერსალურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ჟილბერ ი-ს განმარტებით, ქართულ საბანკო ბაზარზე სერიოზული კონკურენციაა. „ამჟამდ ბანკის სტრატეგია არა პირველობისკენ სწრაფვაში გამოიხატება, არამედ მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების დანერგვას, ქსელის გაფართოებას და ამის შედეგად ქართულ ბაზარზე საფუძვლიანად დამკვიდრებას ითვალისწინებს,“-აღნიშნა მან.   ჟილბერ ი-მ სს „ბანკი რესპუბლიკას“ საკრედიტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბანკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი იმპორტიორების დაფინანსებაა. „ვიმედოვნებ იმპორტის მხარდაჭერა არა მხოლოდ კორპორაციულ კლიენტებს, არამედ ზოგადად საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ბანკის საკრედიტო პორტფელის სტრუქტურაში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ვაჭრობის სექტორისადმი მზარდი ინტერესი. ის რომ ბანკი თანამშრომლობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებასთან (გერმანია, KFW) ნიშნავს, რომ მის მიერ გაცემული საკრედიტო რესურსები კლიენტებისათვის შეღავათიანი, მიმზიდველი და ხელსაყრელია,“-აღნიშნა ჟილბერ ი-მ.    2007 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ბანკს საქართველოში 25 ფილიალი და სერვისცენტრი აქვს, სადაც დასაქმებულია 500-ზე მეტი თანამშრომელი.  მომდევნო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში დაგეგმილია მათი რაოდენობის 60-დან 80-მდე, ხოლო პერსონალის – ათასამდე გაზრდა.    სს „ბანკი რესპუბლიკა“ აქციების საკონტროლო პაკეტს, 60 პროცენტს ფლობს ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალე“, ხოლო 10 პროცენტს განკარგავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.     2007 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, სს „ბანკი რესპუბლიკას“ მთლიანი აქტივების მოცულობა 375.7 მლნ ლარს, ანუ საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების დაახლოებით 8 პროცენტს შეადგენს. საანალიზო პერიოდისთვის, მისი სააქციო კაპიტალის მოცულობა 63.1 მლნ ლარია.     გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემასა და ეკონომიკის სხვა სექტორებში მიმდინარე პროცესებს. სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მსგავსი სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში, ტრადიციულად, ყოველ შაბათს იმართება.
სხვა სიახლეები