საქართველოს ეროვნულ ბანკში „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით პირველი ქართული საინვესტიციო ოქროს მონეტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით პირველი ქართული საინვესტიციო ოქროს მონეტების პრეზენტაცია გაიმართა

11 სექტემბერი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში პირველი ქართული საინვესტიციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა. გამოშვებულია ექვსი სხვადასხვა ზომისა და წონის საინვესტიციო მონეტა. ყველაზე მცირე იწონის 3,1 გრამს, ყველაზე დიდი კი 311 გრამს. „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით ოქროს მონეტები საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით ავსტრიის ზარაფხანაში დამზადდა.  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, საინვესტიციო მონეტა იქნება სრულიად ახალი მიმართულება ქართული ფულის ისტორიაში, როგორც ფულის დაბანდებისა და ქონების დაგროვების უნიკალური საშუალება მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის პერმანენტულად ზრდის პირობებში.   „ამ მონეტით საქართველოს ეროვნული ბანკი განამტკიცებს საქართველოს, როგორც ოქროს მომპოვებელი უძველესი ქვეყნის იმიჯს. საქართველო რომ „ღვინის აკვანია“, უკვე იცის მსოფლიომ. ახლა პოპულარიზება გაეწევა იმ ფაქტსაც, რომ ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ოქროს. როგორც მითები „ოქროს საწმისსა“ და „არგონავტებზე“ შესულია მსოფლიო მითოლოგიის საგანძურში, ასევე ქართული მონეტა „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით მსოფლიო საინვესტიციო, ნუმიზმატიკური მონეტების კოლექციის კუთვნილებად უნდა იქცეს“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.  ოქროს საინვესტიციო მონეტების რეალიზება მოხდება როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო ბაზარზე. „აღნიშნული მონეტა კარგი დაბანდებაა. თანაც, მონეტების წონა სამი გრამიდან 10 უნციამდე მერყეობს და მის შეძენას სხვადასხვა შემოსავლის მქონე პირები შეძლებენ,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქართული საინვესტიციო მონეტები საერთაშორისო ბაზარზეც გაიყიდება. დღეისათვის მისი შეძენა შეიძლება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში, ასევე ეროვნული ბანკის ფილიალებში. ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასი დადგინდება ყოველდღიურად ლონდონის ლითონების ბირჟის ფასის მიხედვით.    „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით პირველი ქართული საინვესტიციო ოქროს მონეტების დახასიათება ნომინალი: 10 ლარი შემადგენლობა: AU 999.9 დიამეტრი: 16 მმ. წონა: 3.1 გრ.   ნომინალი: 25 ლარი შემადგენლობა: AU 999.9 დიამეტრი: 22 მმ. წონა: 7.7 გრ.   ნომინალი: 50 ლარი შემადგენლობა: AU 999.9 დიამეტრი: 28 მმ. წონა: 15.5 გრ.   ნომინალი: 100 ლარი შემადგენლობა: AU 999.9 დიამეტრი: 37 მმ. წონა: 31.1 გრ.   ნომინალი: 300 ლარი შემადგენლობა: AU 999.9 დიამეტრი: 50 მმ. წონა: 155.5 გრ.   ნომინალი: 1000 ლარი შემადგენლობა: AU 999.9 დიამეტრი: 60 მმ. წონა: 311.0 გრ.
სხვა სიახლეები