საქართველოს ეროვნულ ბანკში ორ ვაკანტურ ადგილზე 230 განაცხადი შევიდა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ორ ვაკანტურ ადგილზე 230 განაცხადი შევიდა

22 მარტი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში დასრულდა განაცხადების მიღება ატესტაციის შედეგად გამოთავისუფლებული ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. განაცხადი 230-მა პრეტენდენტმა შემოიტანა. წერითი ტესტირების წარმატებულად გავლის შემდეგ, ისინი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე გასაუბრებას გაივლიან.   პარალელურად, საქართველოს ეროვნულ ბანკში გრძელდება თანამშრომელთა ატესტაციის პროცესი. საქართველოს ეროვნული ბანკის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ შედეგების შეჯამების შემდეგ დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებები ხორციელდება: ხდება იმ მოხელეთა დაწინაურება, ვინც წარმატებით დაძლია ატესტაციის ორივე ეტაპი და პირიქით, შეიძლება მოხდეს იმ მოხელეების თანამდებობრივი დაქვეითება ან სარგოს გადახედვა, რომელთაც ვერ შეძლეს საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება.   საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, არჩევანი ტესტირების წერილობით ფორმაზე გაკეთდა. ტესტები მოიცავს საქართველოს საბანკო კანონმდებლობის, მაკრო და მიკროეკონომიკის, ზოგადი უნარებისა და კომპიუტერული პროგრამა Microsoft Excel-ის საკითხებს.   საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე გაიარეს ატესტაცია მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტების თანამშრომლებმა.   საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე თანამშრომელთა ტესტირება-ატესტაცია საკადრო რეფორმის ნაწილია. ატესტაციამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა.
სხვა სიახლეები