საქართველოს ეროვნულ ბანკში ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანის ექსპერტებმა ქართველ დიზაინერებს ტრენინგი ჩაუტარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკში ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანის ექსპერტებმა ქართველ დიზაინერებს ტრენინგი ჩაუტარეს

27 იანვარი, 2009

26 იანვარს საქართველოს ეროვნულ ბანკში სამახსოვრო მონეტების დიზაინის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარეს ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანის კომერციულმა დირექტორმა რენე ვან დიკმა და ამავე ზარაფხანის მენეჯერმა იორგ საშმანჰაუზენმა და ქართველ დიზაინერებს გამოცდილება გაუზიარეს. ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ბანკში მასპინძლების მოწვევით იმყოფებიან. პროექტი ჰოლანდიის მხარემ დააფინანსა.

უცხოელმა ექსპერტებმა ტრენინგ-სემინარზე განიხილეს სამახსოვრო მონეტების დამზადების უახლესი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები, მათი ტექნიკური დამუშავების დეტალები, საკოლექციო ბაზრის განვითარების ტენდენციები, მონეტების შინაარსისა და თემატიკის ვარიანტები და სხვა საკითხები.

ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანასთან, რომელსაც 25 ქვეყნის ფულის ნიშნები აქვს დამზადებული, საქართველოს ეროვნულ ბანკს თანამშრომლობის არაერთი წელი აკავშირებს. ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანის წარმომადგენლებს მონაწილეობა აქვთ მიღებული ქართული ფულის დიზაინის კონცეფციის შემუშავებასა და ფულის ნიშნების დამზადებაში.

ტრენინგ-სემინარს, საქართველოში ფულის ნიშნებზე მომუშავე ექსპერტების გარდა, დაესწრნენ ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

სემინარის დასკვნით ნაწილში, ცოცხალი დისკუსიის ფორმატში, ქართველმა დიზაინერებმა უცხოელ ექსპერტებთან მათთვის საინტერესო დეტალები დააზუსტეს. სემინარზე აღინიშნა, რომ ქართველი მხატვარ-დიზაინრებისათვის მნიშვნელოვანი იყო ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანის მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარება.

სხვა სიახლეები