საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობა დაასრულა USAID-ის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა
25 აგვისტო, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვების მართვის საკითხებთან დაკავშირებით პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები. პროექტი წარმოადგინა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციის „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ჩარლზ ლუკასმა. იგი საქართველოში მოწვეული ექსპერტის რანგში თითქმის ორი კვირაა იმყოფება და საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვების მართვის საკითხებში კონსულტაციებს უწევს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, „პროექტი საქართველოს კომერციული ბანკებისათვის სავალდებულო რეზერვების ნორმებთან დაკავშირებით გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებას გულისხმობს. ჩარლზ ლუკასის გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, მისი რეკომენდაციები მონეტარული პოლიტიკის სხვა საკითხებზეც მნიშვნელოვანი იქნება“.
ჩარლზ ლუკასს აღნიშნულ სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი წლების მანძილზე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სარეზერვო სისტემაში. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ჩარლზ ლუკასს ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები სადაზღვევო კომპანია „ეი-აი-ჯი“-ში (AIG), „რეპაბლიკ ნეშნალ ბენკ ოფ ნიუ-იორკ“-ში (Republic National Bank of New York/Republic New York Corporation) და სხვა მსხვილ ფინანსურ სტრუქტურებში.