საქართველოს ეროვნულ ბანკში მოსწავლეებმა ფულის მუზეუმი დაათვალიერეს
14 ნოემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე შეხვდა.
მოსწავლეები გაეცნენ ფულის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს და ფულის მიმოქცევის ისტორიას, რომლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის სათაო ოფისიც დაათვალიერეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ თბილისის 53-ე საშუალო სკოლას საჩუქრად გადასცა წიგნი-ალბომი „ფული საქართველოში“, რომელიც ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ასახავს.
საქართველოს ეროვნულ ბანკში მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის საშუალებით სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეებს ფულის მუზეუმის უფასოდ დათვალიერების საშუალება ეძლევა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც პოპულარიზებას უწევს ქართული ფულის ეროვნულ მემკვიდრეობას, ასევე ნუმიზმატიკითა და ბონისტიკით დაინტერესებულ პირებს აწვდის სრულფასოვან ინფორმაციას აღნიშნულ სფეროებში ეროვნული და მსოფლიო მიღწევების შესახებ. მუზეუმში გამოფენილია 1300 ექსპონატი. ექსპოზიცია ასახავს საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, აქვე წარმოდგენილია თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.