საქართველოს ეროვნულ ბანკში მოსამსახურეთა ატესტაცია დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბანკში მოსამსახურეთა ატესტაცია დაიწყო

09 იანვარი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში მოსამსახურეთა ატესტაცია დაიწყო. საწყის ეტაპზე ატესტაციას ეროვნული ბანკის ოთხი დეპარტამენტის თანამშრომლები გაივლიან. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ტესტების ჩაბარება წერილობითი ფორმით ხდება. მასში შესულია საქართველოს საბანკო კანონმდებლობის, მაკრო და მიკროეკონომიკის, ზოგადი უნარებისა და კომპიუტერული პროგრამა Microsoft Excel-ის შესახებ საკითხები.   ტესტირების გავლის შემდეგ გათვალისწინებულია მეორე ეტაპი – გასაუბრება. ეროვნული ბანკის მოსამსახურეები საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე წარსდგებიან. მოსამსახურეს, რომელიც წერილობით გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, გასაუბრებაზე გასვლის უფლება აქვს.   თანამშრომლებთა ტესტირება-ატესტაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე საკადრო რეფორმის ნაწილია. ატესტაციამდე ეროვნულ ბანკში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა. მანამდე არსებული 19 სტრუქტურული ერთეულის, 53 განყოფილებისა და 9 რეგიონული ფილიალის ნაცვლად, მხოლოდ 15 სტრუქტურული ერთეული და 7 რეგიონული ფილიალი ჩამოყალიბდა.   ტესტირება-ატესტაციას საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებიც გაივლიან.
სხვა სიახლეები