საქართველოს ეროვნულ ბანკში მონაცემთა შენახვისა და დაარქივების ახალი ტექნოლოგია დაინერგა
06 ივნისი, 2005
საქართველოს ეროვნულ ბანკში კომპანია UGT-ის მიერ („გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიები“), მონაცემთა დაცვის მიზნით, ახალი ტექნოლოგია SAN (Storage Area Networking) დაინერგა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ღლონტის განცხადებით, ნებისმიერ კომპანიაში განვითარების გარკვეულ ეტაპზე ძველი, მოუქნელი ტექნოლოგიები ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და აუცილებელი ხდება ახალი სისტემების დანერგვა.
საქართველოს ეროვნულ ბანკში საინფორმაციო ტექნოლოგიები მოიცავდა ლოკალურ ქსელსა და სერვერებს. მონაცემთა ზრდასთან ერთად თავი იჩინა რიგმა სირთულეებმა, კერძოდ, დღის წესრიგში დადგა ათეული წლების მანძილზე დაგროვილი ინფორმაციის დაარქივების საკითხი. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ინფორმაციისა და მონაცემთა ბაზის დაცვა, რომლითაც მისი თანამშრომლები სარგებლობენ.
ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში დაინერგა ახალი ტექნოლოგია SAN, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალიზებული მონაცემთა საცავის – დისკური მასივების – მაღალ წარმადობას. დაარქივებისა და რეზერვირების აღნიშნული ტექნოლოგია ითვალისწინებს ინფორმაციის ერთიან, კონსოლიდებულ, დუბლირებულ სისტემას, რომელიც აადვილებს ეროვნული ბანკის შიდა ინფორმაციის მართვის უსაფრთხოებას და სისტემის დაზიანებისას უმოკლეს დროში მისი სამუშაო რეჟიმის აღდგენას.
SAN-ის უპირატესობა აუცილებელი ცვლილებების განხორციელების სიმარტივესა და მოქნილობაში მდგომარეობს. ამასთან ერთად, სისტემის გაჩერების გარეშე შესაძლებელია ახალი სერვერის, მასივის, რეზერვირებისა და სხვა მოწყობილობების დამატება.