საქართველოს ეროვნულ ბანკში მომზადდა კანონპროექტი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“

საქართველოს ეროვნულ ბანკში მომზადდა კანონპროექტი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“

07 ოქტომბერი, 2005
საქართველოს ეროვნულ ბანკში დასრულდა მუშაობა კანონპროექტზე „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტს გაეგზავნა განსახილველად. კანონპროექტი განსაზღვრავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობის პირობებს, მათი საქმიანობის პრინციპებსა და უფლებამოსილებას, ორგანიზაციულ სტრუქტურას.   ამჟამად საქართველოში მიკროსაფინანსო საქმიანობას ოფიციალურად 12-მდე ორგანიზაცია ახორციელებს. ისინი 1997-2000 წლებში უცხოური დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა. დღეისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პორტფელი 23 მლნ ლარს შეადგენს. მათ ჰყავთ 35000 აქტიური მსესხებელი, რომლებმაც მიკროსესხების გამოყენებით შესძლეს საკუთარი ფინანსური და, შესაბამისად, სოციალური მდგომარეობის გამოსწორება. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებობს ლომბარდის ტიპის უამრავი დაწესებულება, რომლებიც ასევე მიკროსესხების გაცემაზე მუშაობენ.   ამჟამად საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანო ორგანიზაციების საქმიანობას სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. ყველა არაკომერციულ იურიდიულ პირს (ფონდი და კავშირი), რომლებიც შექმნილია და დაფინანსებულია გრანტის გამცემი (დონორი) ორგანიზაციების მიერ სიღარიბის დაძლევის მიზნით, 2005 წლის პირველ აპრილამდე ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაევლო.     კანონპროექტი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინტერნეტწარმომადგენლობისა (WWW.NBG.GOV.GE) და ეროვნული ბანკის ბიულეტენის მეშვეობით.
სხვა სიახლეები