საქართველოს ეროვნულ ბანკში მიკროსაფინანსო კონცეფციების საკითხებზე
სემინარი გაიმართა
23 მაისი, 2007
21-23 მაისს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩატარდა სემინარი თემაზე – „მიკროსაფინანსო კონცეფციები“, რომელსაც უძღვებოდა ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტოს ექსპერტი პიერ ბულთეზი. სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარზე ყურადღება გამახვილდა მიკროსაფინანსო კონცეფციებსა და ზოგადად, ამ თემის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე. უცხოელმა ექსპერტმა მიმოიხილა კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ კლიენტურის დაფინანსების დეტალები, ისაუბრა პოტენციური მსესხებლის წარსადგენ, დასაბუთებულ და მკაცრად გაწერილ ბიზნეს-გეგმის აუცილებლობაზე, გასესხებასთან დაკავშირებულ რისკების მართვის, სესხების დაზღვევის საკითხებზე და ამ მიმართებით საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაზე.
პიერ ბულთეზი საქართველოს ეროვნულ ბანკს რეკომენდაციას აძლევს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ უფრო აქტიურად გამოიყენოს თავისი საზედამხედველო პოლიტიკა. „მისასალმებელია, რომ საქართველოში ცენტრალურ ბანკს, განსხვავებით ზოგიერთი ქვეყნისაგან, საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა აქვს, მაგალითად, სერბეთის ცენტრალურ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხდველობის კუთხით სერიოზული პრობლემები გააჩნია, რაც მათი განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია“ – განაცხადა მან.
სემინარზე ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტოს ექსპერტმა კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში უცხოური კაპიტალის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „კომერციულ საფინანსო ინსტიტუტებში უცხოური კაპიტალის ზრდა მათ ფინანსურ მდგრადობას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზე უცხოური კაპიტალით მოქმედი ბანკისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკრედიტო საქმიანობის კონტროლი თავად უცხოური რესურსების დონორი ორგანიზაციებიდანაც ხორციელდება.
პიერ ბულთეზმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკრედიტო პორტფელში მნიშვნელოვანი ნაწილი მიკროსესხებს უკავია. პრობლემური სესხების გარკვეული მოცულობაც სწორედ ამ ტიპის სესხებზე მოდის. ამ მიმართებით საფინანსო ინსტიტუტებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ პროფესიონალი კადრები და სესხების დაზღვევის მექანიზმი გააჩნდეთ.
დასასრულს, სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს საფინანსო და საბანკო სექტორების წარმომადგენლებისათვის 2007 წლის განმავლობაში სასწავლო სემინარების ჩატარებას. სემინარები გაიმართება თბილისსა და ლუქსემბურგში. მომავალში საქართველოში განსახორციელებელი ღონისძიებების ორგანიზატორი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკი. რაც შეეხება ლუქსემბურგში ორგანიზებულ სემინარებს, ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტო აანაზღაურებს მონაწილეთა ხარჯებს.
შეგახსენებთ, 5-7 მარტს, საქართველოს ეროვნულ ბანკში სემინარი თემაზე – „ფულის გათეთრების პრევენცია“ – ჩაატარა ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტოს ექსპერტმა დოქტორმა ჟერარ ზოლტმა.
2007 წელს თბილისში აგრეთვე დაგეგმილია შემდეგი სემინარების ჩატარება:
10-12 სექტემბერი – „რისკის მართვა“;
1-3 ოქტომბერი – „მარკეტინგი და სტრატეგიული დაგეგმვა“;
„შიდა და გარე აუდიტი“ (სემინარის ჩატარების თარიღი დაზუსტდება).