საქართველოს ეროვნულ ბანკში კორპორაციული მმართველობის შესახებ სემინარი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბანკში კორპორაციული მმართველობის შესახებ სემინარი გაიმართება

27 მარტი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში 28 მარტს გაიმართება კონფერენცია თემაზე – „კორპორაციული მართვის პრინციპები“, რომლის ორგანიზატორები არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) და საქართველოს ეროვნული ბანკი.   კონფერენციას დაესწრებიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საქართველოს ეროვნული ბანკის, პარლამენტის, მთავრობის, საქართველოს ბანკების ასოციაციის, კომერციული ბანკებისა და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.   კონფერენციას გახსნის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე. შესავალი სიტყვით წარსდგება ევრობანკის საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფის დირექტორი კურტ გეიგერი.   მოხსენებით „ძირითადი საკითხები, რომლის წინაშე დადგება საქართველოს საბანკო სისტემა“ გამოვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი.   გარდა ამისა, მოხსენებას წაიკითხავენ ევრობანკის საინვესტიციო განყოფილების დირექტორი ლინდსი ფორბსი და მთავარი მრჩეველი ჯან პიეტრო სიგნა შემდეგი თემებით – „გარდამავალ პერიოდში კორპორაციული მმართველობა სამართლებრივი თვალსაზრისით“ და „რუსეთის ბანკის საზედამხედველო საბჭოს გამოცდილება“.   ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მისი წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან ერთად კორპორაციული მმართველობის საკითხებზე მსჯელობის მიზნით, ტრადიციულად, კონფერენციებს მართავს.   საქართველოს ეროვნულ ბანკში დაგეგმილი კონფერენცია ამ ტრადიციის გაგრძელებაა. ის მიზნად ისახავს ევრობანკის, ცენტრალური ბანკის, კომერციული ბანკების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კორპორაციული მმართვის სხვადასხვა ასპექტებზე დისკუსიას, არსებული მდგომარეობის შეფასებას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი მიდგომების ჩამოყალიბებას.   ჯანსაღი კორპორაციული მმართველობა გულისხმობს ბანკის აქციონერების, მენეჯმენტისა და კლიენტების ინტერესების დაცვას. კორპორაციული მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვა ზრდის ბანკის გამჭვირვალობის ხარისხს, ხელს უწყობს მისი საფინანსო მდგომარეობის განმტკიცებას.
სხვა სიახლეები