საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფლაციის თარგეთირების მეთოდის 

შესახებ სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფლაციის თარგეთირების მეთოდის შესახებ სემინარი გაიმართა

19 მაისი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა სემინარი თემაზე – „რამდენად მზად ვართ ინფლაციის თარგეთირებისათვის საქართველოში“.   სემინარზე, რომელსაც ესწრებოდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები ჯონ ვეიკმან-ლინის ხელმძღვანელობით და საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპერტები, მოხსენებები წაიკითხეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრმა ანდრეას ბილმეიერმა და საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების უფროსმა გიორგი ბაქრაძემ.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ დავით ამაღლობელის განცხადებით, „ინფლაციის თარგეთირება (მიზნობრივი მაჩვენებლის დაგეგმვა) თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მეთოდია და მას 1990 წლიდან დღემდე ოცამდე ქვეყანა იყენებს. მეთოდი წარმატებულია როგორც განვითარებული საფინანსო ბაზრებისათვის, ისე განვითარებად ქვეყნებშიც. მაგალითად, არც ისე შორეულ წარსულში, თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ ინფლაციური თარგეთირების მეთოდის გამოყენებას საერთაშორისო ექსპერტებმა განსაკუთრებით მაღალი შეფასება მისცეს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპერტებმა შეიმუშავეს ინფლაციის პროგნოზირების მოდელიც“.    სემინარზე წარმოდგენილ იქნა საქართველოში ინფლაციური თარგეთირების როგორც ძირითადი, ისე ალტერნატიული მოდელები. ინფლაციური თარგეთირების მეთოდების დასანერგად აუცილებელია ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა, მისი საქმიანობის გამჭვირვალობა და ინფლაციური პროცესების სწორი დაგეგმვა.
სხვა სიახლეები