საქართველოს ეროვნულ ბანკში თანამშრომელთა ატესტაცია გრძელდება
30 იანვარი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში გრძელდება თანამშრომელთა ატესტაცია. დღეს ატესტაციაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გავიდნენ. მოგვიანებით მას საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებიც გაივლიან.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ტესტების ჩაბარება წერილობითი ფორმით ხდება. მასში შესულია საქართველოს საბანკო კანონმდებლობის, მაკრო და მიკროეკონომიკის, ზოგადი უნარებისა და კომპიუტერული პროგრამა Microsoft Excel-ის შესახებ საკითხები.
ტესტირების გავლის შემდეგ გათვალისწინებულია მეორე ეტაპი – გასაუბრება. ეროვნული ბანკის მოსამსახურეები წარსდგებიან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე. მოსამსახურეს, რომელიც წერილობით გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, გასაუბრებაზე გასვლის უფლება ექნება.
თანამშრომელთა ტესტირება-ატესტაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე საკადრო რეფორმის ნაწილია. ატესტაციამდე ეროვნულ ბანკში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა. მანამდე არსებული 19 სტრუქტურული ერთეულის, 53 განყოფილებისა და 9 რეგიონული ფილიალის ნაცვლად, მხოლოდ 15 სტრუქტურული ერთეული და 7 რეგიონული ფილიალი ჩამოყალიბდა.