საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი განიხილეს
24 ნოემბერი, 2005
2005 წლის დეკემბერში საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებას განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ შეჯერებული კანონპროექტი. ამის შესახებ ითქვა საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნული კანონპროექტის პრეზენტაციაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში საკანონმდებლო ხელისუფლება განიხილავს საქართველოს ეროვნული ბანკისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში არსებული დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ შეჯერებულ კანონპროექტს.
რაც შეეხება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის სტრუქტურას, დაარსდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში გაწევრიანება სავალდებულო იქნება.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონპროექტის თანახმად, მეანაბრე, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, გარანტირებულად მიიღებს დეპოზიტების დაზღვევის სქემით დადგენილ თანხას. კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს სადეპოზიტო ბაზისა და ფინანსური შუამავლობის როლის ამაღლებას. დეპოზიტების მოცულობის ზრდა კომერციული ბანკების მიერ მოზიდული სახსრების გაიაფებას გამოიწვევს, რაც საკრედიტო პორტფელის საპროცენტო განაკვეთების შემცირების სტიმული იქნება.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის სტრუქტურის სამართლებრივი და ორგანიზაციული ფორმის ჩამოყალიბების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონპროექტის შემმუშავებელი ჯგუფი რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულების (გერმანია, KFW) ექსპერტებთან ერთად ინტენსიურად მუშაობდა.
KFW-ის ექსპერტების საქართველოს ეროვნულ ბანკში ვიზიტების შემდეგ, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, გერმანიაში ქართველმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა კანონპროექტზე მუშაობა გააგრძელეს