საქართველოს ეროვნულ ბანკში დავით გურამიშვილის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი უკრაინული საიუბილეო მონეტა გაიყიდება
02 დეკემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში კოლექციონერებს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის მიერ მოჭრილი საიუბილეო მონეტების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, კერძოდ: „ოქტომბრის რევოლუციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი“, „საერთაშორისო მშვიდობის წლისადმი მიძღვნილი“, „სკორინას სახელობის“, „ჩეხოვის სახელობის“, „ფაშიზმზე გამარჯვების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი (1945-1985 წწ.)“, „ციოლკოვსკისა“ და „ლებედევის სახელობის“, „ბოროდინოს ბრძოლის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი“, „1980 წლის XXII ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი უნივერსიტეტის“, „1980 წლის XXII ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი დოლგორუკის“, „1980 წლის XXII ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი ემბლემის“, „1980 წლის XXII ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი მონუმენტის“, „1980 წლის XXII ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი კრემლის“, „1980 წლის XXII ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ჩირაღდანის“ გამოსახულებით 1 საბჭოთა რუბლის ნომინალის მონეტები.
გარდა ამისა, გასაყიდადაა გამოტანილი „სომხეთის მიწისძვრის ზონის“ გამოსახულებით 3 საბჭოთა რუბლის ღირებულების მონეტა, „პოკროვკის ტაძრის“, „დიდი სასახლის“, „ერევნის მატენდარის“, „პეტრე პირველის“, „მიძინების ტაძრის“, „ხარების ტაძრის“ და „რუსეთის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი ნოვგოროდის მონუმენტის“ გამოსახულებით 5 საბჭოთა რუბლის ნომინალის მონეტები.
აგრეთვე, „1980 წლის XXII ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი“ ვერცხლის 5 და 10 საბჭოთა რუბლის ნომინალის მონეტები.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოჭრილი „ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი 500 ლარის ღირებულების ოქროს მემორიალური მონეტის “, ქრისტეშობის 2000 წლის აღსანიშნავი ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის და ბიმეტალური და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის აღსანიშნავი ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის და ბიმეტალური მონეტების, ამასთანავე, 1 ლარის ღირებულების ვერცხლის მონეტის შეძენა პლასტიკური, ხავერდოვანი და ხის ყუთის შეფუთვით.
უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში გაიყიდება დავით გურამიშვილის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი, უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ მოჭრილი 2 გრივნის ნომინალის საიუბილეო მონეტა. მის ავერსზე გამოსახულია ქართული და უკრაინული ეროვნული ორნამენტები. ავერსის ზედა მხარეს ნახევრადწრიულად განლაგებულია წარწერა „უკრაინა“ და უკრაინის სახელმწიფო გერბი, ქვედა მხარეს კი წარწერა „2 გრივნა“ და უკრაინის ეროვნული ბანკის ზარაფხანის ლოგოტიპი.
მონეტის რევერსზე დატანილია დავით გურამიშვილის პროფილი საქართველოს მთების პეიზაჟის ფონზე, ერთ-ერთი მთის მწვერვალზე ეკლესიაა, ხოლო მონეტის რევერსის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ნახევრადწრიულად უკრაინულ და ქართულ ენაზე განთავსებულია წარწერა – „დავით გურამიშვილი“, ქვედა ნაწილში კი მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი – 1705-1792. დავით გურამიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტის ტირაჟი 30 ათასი ცალია.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ასევე გათვალისწინებულია სამახსოვრო და საიუბილეო მონეტების სერიის გამოშვება, რომელზეც გამოისახება დიდი ქართველი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეების, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლების პორტრეტები. გადაწყდა 200 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის გამოშვება, რომელზეც დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი გამოისახება.