საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა სემინარი „ფულის გათეთრების აღკვეთის" ღონისძიებების შესახებ
საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა სემინარი „ფულის გათეთრების აღკვეთის" ღონისძიებების შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტოს ექსპერტი, როჯერ კლესენსი. სემინარის მიზანი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და კომერციული ბანკების მაღალ და საშუალო რგოლებში დასაქმებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება.
სემინარზე განხილულ იქნა პროექტი - "ცნობდე შენს კლიენტს", რომელშიც წარმოდგენილი იყო ბანკის კლიენტის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის მეთოდები, გაკეთდა მოხსენება საფინანსო ორგანიზაციის მართვის პრინციპებსა და სტრატეგიებზე. გაიმართა დისკუსია სამართლებრივი ურთიერთობების, შიდა და გარე აუდიტის შეთანხმებული საქმიანობის, მარკეტინგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ. განხილულ იქნა ფულის გათეთრების პრეცედენტების კონკრეტული მაგალითები სხვადასხვა ქვეყნებში.
ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტო (ATTF) 1999 წელს დაარსდა ლუქსემბურგის ფინანსთა სამინისტროს, ცენტრალურმა ბანკის (BCL), სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ფინანსური სექტორის საზედამხედველო კომისიის (CSSF), ბანკირთა ტრეინინგის ინსტიტუტის (IFBL), ლუქსემბურგის ბანკირთა ასოციაციის (ABBL), რომელიც 2002 წელს ლუქსემბურგის ფინანსური სექტორის პროფესიონალთა ასოციაციამ შეცვალა (PROFIL), და ლუქსემბურგის უნივერსიტეტის მიერ. სააგენტო ახდენს ევროპისა და აზიის ქვეყნების საფინანსო სექტორის სპეციალისტების გადამზადებას.
სემინარმა, რომელსაც როჯერ კლესენსი უძღვებოდა, მსმენელთა ინტერესი გამოიწვია.
(როჯერ კლესენსი - მაღალი კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი, გააჩნია მუშაობის გამოცდილება ისეთ წარმატებულ ბანკებში, როგორებიცაა Bank of Amerika, Citigroup, Credit Liones და ა.შ. არის სამი წიგნის ავტორი, ფულის გათეთრებასთან ბრძოლის, საბანკო მარკეტინგისა და ფილიალების მართვის საკითხებზე. მისი მეოთხე წიგნი, რომელიც ზოგადად ბანკის ფუნქციონირების თემატიკას შეეხება, მომზადებულია გამოსაცემად).