საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა სემინარი საბანკო სექტორში

ბიზნესუწყვეტობის შესახებ

საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა სემინარი საბანკო სექტორში ბიზნესუწყვეტობის შესახებ

27 სექტემბერი, 2005
27 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით გაიმართა სემინარი თემაზე: „ბიზნესუწყვეტობის კონცეფცია, მაღალმდგრადი და სწრაფაღდგენადი სისტემები საბანკო სექტორში“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კომპანია VERITAS-ისა და IBM-ის, HP-ისა და APC-ის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში.   ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ღლონტმა სემინარის მონაწილეებისადმი მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ინიციატივა, ჩაეტარებინა სემინარი ბიზნესის მდგრადობისა და უწყვეტობის საკითხზე, საბანკო სისტემის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებმა განაპირობა. მისი განცხადებით, „ნებისმიერ კომპანიაში გარკვეულ ეტაპზე აუცილებელი ხდება ახალი სისტემების დანერგვა. დღევანდელ საბანკო სისტემაში განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას იძენს ბანკის საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის საკითხი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარება. აღნიშნული სემინარი ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების ტექნოლოგიური ნაწილის გაძლიერებას, რისკების მინიმიზაციას და კრიზისული სიტუაციების ეფექტურ მართვას“.   პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის VERITAS-ის მენეჯერებმა ალექსანდრე პროხოროვმა და პაველ ხრაპკინმა საქართველოს კომერციული ბანკების ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერებისათვის გამართეს პრეზენტაცია თემაზე: „ბიზნესის უწყვეტობის კონცეფცია და მისი აუცილებლობა საბანკო სექტორში“. ალექსანდრე პროხოროვმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში განხორციელებული ტექნოლოგიური პროექტი აღმოჩნდა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტა – მინიმალური ფინანსური დანახარჯებით შეიქმნა ისეთი სწრაფაღდგენადი სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და აკმაყოფილებს ბიზნესუწყვეტობის მოთხოვნას.   საქართველოს ეროვნული ბანკის, კომპანიების UGT-ის, ALTA-ისა და Delta-Comm-ის თანამშრომლებმა სემინარის მონაწილეებს მონაცემთა შენახვის ტექნოლოგიების, სერვერული გადაწყვეტილებების, უწყვეტი ელექტრომომარაგების სისტემებისა და სხვა საკითხების შესახებ საკუთარი გამოცდილება  გაუზიარეს.   საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციისა და მონაცემთა ბაზის დაცვის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში ეროვნულ ბანკში დაინერგა მაღალმდგრადი და სწრაფაღდგენადი სისტემა, რომელიც მისი დანერგვის სტანდარტულ გადაწყვეტასთან შედარებით ტექნოლოგიურად უფრო მოსახერხებელი და ფინანსურად გაცილებით მომგებიანია.
სხვა სიახლეები