საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი ტრადიცია დამკვიდრდა
04 აპრილი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ამიერიდან შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში გაეცნონ საქართველოში ფულის მიმოქცევის ისტორიას.
4 აპრილს ფულის მუზეუმში ასეთი აქცია პირველად ჩატარდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 52-მა სტუდენტმა მუზეუმის ექსპოზიცია დაათვალიერა. შემდეგ ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა წაიკითხა ლექცია საქართველოში ფულის მიმოქცევის შესახებ.
სტუდენტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე შეხვდა. მან მიმოიხილა საბანკო სისტემაში არსებული ვითარება, შემდეგ კი უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
„ეროვნულ ბანკსა და ფულის მუზეუმში ლექციები მომავალში ტრადიციად იქცევა. ფულის მუზეუმში სტუდენტებისა და მოსწავლეების ექსკურსიები სისტემატურ ხასიათს მიიღებს. მიგვაჩნია, რომ ახალი თაობა საქართველოში ფულის მიმოქცევის ისტორიას უნდა გაეცნოს და ამ ისტორიით იამაყოს“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.