საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩეხეთის ცენტრალური ბანკის კომუნიკაციების აღმასრულებელი დირექტორი მარეკ პეტრუსი სტუმრობს

საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩეხეთის ცენტრალური ბანკის კომუნიკაციების აღმასრულებელი დირექტორი მარეკ პეტრუსი სტუმრობს

24 ნოემბერი, 2014

24-25 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩეხეთის ცენტრალური ბანკის კომუნიკაციების დირექტორი მარეკ პეტრუსი ეწვია. მარეკ პეტრუსმა საქართველოს ეროვნულ ბანკში შეხვედრები გამართა ბანკის მენეჯმენტთან. შეხვდა პრეზიდენტის აპარატის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სხვა დეპარტამენტების წარმომადგენელებს.

საქართველოში ყოფნის დროს მარეკ პეტრუსმა ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გამართა, რომელზეც ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე როგორებიცაა: ცენტრალური ბანკების საკომუნიკაციო სტრატეგია, მედიასთან ურთიერთობა, საკომუნიკაციო ინსტრუმენტები. სტუმარმა ქართველ ჟურნალისტებს გააცნო ჩეხეთის ცენტრალური ბანკის საკომუნიკაციო სტრატეგია და გაუზიარა ჩეხეთის მედიისა და ცენტრალური ბანკის PR სამსახურის ურთიერთობის გამოცდილება. მარეკ პეტრუსმა უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს.

ჩეხეთის ცენტრალური ბანკის კომუნიკაციების დირექტორი ეწვევა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს, სადაც მედია სკოლის სტუდენტებისთვის ლექციას ჩაატარებს.

მარეკ პეტრუსი - 2009 წლიდან ჩეხეთის ცენტრალური ბანკის კომუნიკაციების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორია. ამავდროულად იგი არის ბანკის მმართველის და საბჭოს სხვა წევრების კომუნიკაციების მთავარი მრჩეველი. მის სახელთან არის დაკავშირებული ჩეხეთის ცენტრალური ბანკის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და  მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის წესების დახვეწა.

მარეკ პეტრუსი 2008-2009 წლებში იყო Egon Zehnder International-ის კვლევის  უფროსი. ხელმძღვანელობდა შიდა კვლევებს, რომელიც იკვლევდა ბაზარს ბიზნესის შესაძლებლობების კუთხით, ასევე უძღვებოდა ჩეხეთსა და სლოვაკეთში საორგანიზაციო ნიჭის მქონე ადამიანების გამოვლენის პროცესს და მათ დასაქმების პროცესს ბიზნესის მიმართულებით. უძღვებოდა პრესასთან ურთიერთობის საკითხებს და EZI-ის ბრენდის განვითარების აქტივობებს. 2002-2008 წლებში მუშაობდა „როიტერის" კორესპონდენტად პრაღასა და ლონდონში. ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ და ფინანსურ ახალ ამბებს. პასუხისმგებელი იყო სახაზინო ბაზრებისა და ეკონომიკური ხასიათის ახალი ამბების გაშუქებაზე. 2011-2002 წლებში იყო „Dow Jones Newswires"-ის კორესპონდენტი პრაღაში. მუშაობდა ჩეხეთსა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსური ახალი ამბების რეპორტინგის ჯგუფში. ასევე, მარეკ პეტრუსი იყო  „BridgeNews" - ის კორესპონდენტი პრაღაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით. 1996-1998 წლებში „Czech News Agency"-ის ეკონომიკური კორესპონდენტია ჩეხეთში. მარეკ პეტრუსს დაამთავრებული აქვს Charles University, არის სოციალური მეცნიერებების, მასკომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრი. მოგვიანებით დაასრულა პალაკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

სხვა სიახლეები