საქართველოს ეროვნულ ბანკს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს ეროვნულ ბანკს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვია

21 მარტი, 2011

21 მარტს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დელეგაცია, ბანკის  პრეზიდენტის ანდრეი კონდაკოვის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ ბანკს ეწვია.

ვიზიტის მთავარი მიზანი 2011–2014 წლებში თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრაა. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე სტუმრები 2010 წლის ძირითად ეკონომიკურ და ფინანსურ ტენდენციებს გაეცნენ. კერძო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს ადგილობრივ კომერციულ ბანკებსა და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ინტერესის სფეროს ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების დაფინანსება წარმოადგენს როგორებიცაა: ფინანსური სექტორი, ენერგეტიკა, წარმოება და ინფრასტრუქტურა.

შეხვედრის შემდეგ ეროვნულ ბანკში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ანდრეი კონდაკოვის და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის აჩილ მესტვირიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

"შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი არის შავი ზღვის რეგიონების მიერ შექმნილი ბანკი, რომლის ძირითადი ფუნქციაც, იმ პროექტების დაფინანსებაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებს შორის ვაჭრობას, ასევე ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროების განვითარებას. ბოლო წლების განმავლობაში ბანკის მიერ დაახლოებით 50 მლნ. ევროს პროექტებია დაფინანსებული და უახლოესი 4 წლის განმავლობაში ბანკის მიერ დამატებით 30–40 მლნ. ევრომდე მოცულობის პროექტების დაფინანსებაა ნავარაუდევი", -  განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის არსებობის მანძილზე სულ საქართველოში 50 მილიონი ევროს მოცულობის 15 პროექტი დავაფინანსეთ. ამჟამად ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია შევიმუშაოთ სტრატეგია 2011-2014 წლებისთვის, რაც გულისხმობს საქართველოში ბიზნესის უფრო მეტად განვითარებას. ჩვენ ვთვლით, რომ გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიქმნება მეტი ბიზნეს შესაძლებლობები ჩვენთვის და ჩვენი დრო მთლიანად დაეთმობა პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობას საქართველოში. განიხილება დამატებითი დაფინანსების შესაძლებლობებიც“, - განაცხადა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ანდრეი კონდაკოვმა.

დღესვე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს შეხვდება.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი 1994 წელს შეიქმნა. მისი შტაბ-ბინა სალონიკშია. ბანკის მიზანია რეგიონული პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა, შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. ამ საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო ხაზებით უკვე სარგებლობენ ქართული კომერციული   ბანკები („თი-ბი-სი“; „პროკრედიტ ბანკი“; „ვი-თი-ბი“ და „ბანკი ქართუ") გარდა ამისა, ფოთის პორტისა და  BSTDB  საქართველოს მილსადენის პროექტები.

       

 

სხვა სიახლეები