საქართველოს ეროვნულ ბანკს ნიდერლანდის ცენტრალური ბანკის ექსპერტთა ჯგუფი ეწვია

საქართველოს ეროვნულ ბანკს ნიდერლანდის ცენტრალური ბანკის ექსპერტთა ჯგუფი ეწვია

20 იანვარი, 2010

18 იანვარს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ნიდერლანდის ცენტრალური ბანკის 15 კაციანი მისია ეწვია. ჰოლანდიელ ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის მიზანია ეროვნული ბანკის საჭიროების შესწავლა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავება. ვიზიტის დროს ჰოლანდიის ცენტრალური ბანკი, მათ ქართველ კოლეგებს გაუზიარებს ჰოლანდიის გამოცდილებას ფინანსური ზედამხედველობისა და ცენტრალური ბანკის ინტეგრაციის, ახალი საზედამხედველო სტანდარტების დანერგვის, ადამიანური რესურსების მართვის, მმართველობის, საერთაშორისო რეზერვების მართვისა და სხვა საკითხების შესახებ. ვიზიტი მთლიანად ფინანსდება ჰოლანდიის მხარის მიერ.

ნიდერლანდის ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის ისტორია 1994 წლიდან იწყება. გარდა პროგრამული სემინარებისა,  ბანკებს შორის წლების განმავლობაში არსებობს საქმიანი ურთიერთობები. 2000 წელს ჰოლანდიის მთავრობამ გრანტის სახით 200 000 აშშ დოლარი გამოყო, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ტრენინგებისა და ბანკისათვის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას მოხმარდა. ჰოლანდიის ცენტრალური ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ურთიერთგამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობს მაკროეკონომიკის, ეკონომეტრიკული მოდელირების, შიდა აუდიტის, ნაღდი ფულის მართვისა და სხვა საკითხებში.

ნიდერლანდის ცენტრალური ბანკის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში 23 იანვრამდე დარჩება.

სხვა სიახლეები