საქართველოს ეროვნულ ბანკს ბოტსვანას დელეგაცია სტუმრობს

საქართველოს ეროვნულ ბანკს ბოტსვანას დელეგაცია სტუმრობს

17 ივლისი, 2013

საქართველოს ეროვნულ ბანკში გატარებული რეფორმებისა და ინოვაციური სისტემების გაცნობის მიზნით, 17 ივლისს ეროვნულ ბანკს ბოტსვანას რესპუბლიკის  დელეგაცია ეწვია. 

დელეგაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიიღო. შეხვედრაზე ბანკის პრეზიდენტმა სტუმრებს საქართველოში გატარებული რეფორმები გააცნო და  განხორციელებული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი იყო საბანკო სექტორის განვითარებისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე კომერციულ ბანკებთან მიმართებაში.

„ბოტსვანას სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრაზე ჩვენ გავიარეთ ყველა ის მიმართულება და რეფორმა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში გატარდა. ასეთი ტიპის ინფორმაციის გაცვლა არის ძალიან საინტერესო და სასარგებლო არა მარტო სხვა ქვეყნებისთვის, არამედ პირველ რიგში ჩვენთვის, რადგან მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება სხვადასხვა დარგებში და საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ დღეს ვიყოთ წარმატებული და კონკურენტული ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით, აუცილებელია ვიყოთ ღია და გავიზიაროთ სხვა ქვეყნების წარმატებები. ასევე შევეცადოთ არ დავუშვათ იგივე შეცდომები რაც სხვა ქვეყნებმა დაუშვეს. ჩვენ ვამაყობთ იმითი, რომ  ბოლო წლებში არაერთი ქვეყანა გამოთქვამს სურვილს, ეწვიოს საქართველოს და გაეცნოს ჩვენს გამოცდილებას. მოხარული ვარ, გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ ქვეყანას ის რეფორმები, რომელიც გავატარეთ და წარმატებული შედეგიც მივიღეთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

„მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვეწვიეთ საქართველოს. ჩვენი მიზანია გავიზიაროთ საქართველოს გამოცდილება ლიბერალიზაციის კუთხით. ასევე დაინტერესებულები ვართ თუ როგორ მოიზიდეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და როგორ გაიადვილეთ ეს გზა“, - განაცხადა ბოტსვანის ნაციონალური სტრატეგიის ოფისის ხელმძღვანელმა უტუმ კორეამ.

საქართველოსა და ბოტსვანას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2010 დამყარდა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2001-2012 წლებში - ექსპორტმა 18,9 ათასი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა 9,3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ბოტსვანა სამხრეთ აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც ბრილიანტის ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში და იგი ერთიანდება საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში. ბოტსვანა ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ნამიბია, სამხრეთიდან – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ხოლო აღმოსავლეთიდან – ზამბია და ზიმბაბვე ესაზღვრება. სახელმწიფოს არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. ქვეყნის ტერიტორიის 70 პროცენტი  კალაჰარის უდაბნოს უკავია.

სხვა სიახლეები