საქართველოს ეროვნულ ბანკს ავსტრიის ზარაფხანის დელეგაცია ეწვია
01 მარტი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ავსტრიის ცენტრალური ბანკის სახელმწიფო ზარაფხანის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ზარაფხანის გენერალური მენეჯერი კურტ მეიერი ხელმძღვანელობს. შეხვედრის მთავარ საკითხს ქართული ოქროს საინვესტიციო მონეტის „ოქროს საწმისის“ მსოფლიოს სამონეტო ბაზარზე გატანა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე კურტ მეიერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის ზარაფხანის ინიციატივით, წელს ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე–გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო „ოქროს საწმისის“ საინვესტიციო მონეტები. „აღნიშნულმა მონეტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით აღინიშნა როგორც მათი თემატიკის აქტუალობა, პოპულარობა და ხარისხიანი დიზაინი, ასევე უნიკალურობა იმ კუთხით, რომ 5 და 10 უნციანი (155.52 გრამი და 311 გრამი) წონის მონეტებს ანალოგი არ გააჩნია. ავსტრიის ცენტრალური ბანკის ზარაფხანის წარმომადგენლებს, სადაც ქართული ოქროს მონეტები დამზადდა, მრავალმა დაინტერესებულმა პირმა მიმართა მათი როგორც ცალობით, ასევე პარტიებად შეძენის სურვილით, შემდგომში მსოფლიო ბაზარზე გატანის მიზნით,“ – აღნიშნა ავსტრიის ზარაფხანის გენერალურმა მენეჯერმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქართული საინვესტიციო მონეტების საერთაშორისო ბაზარზე გატანას, ფინანსური სარგებლის გარდა, საქართველოსათვის სხვა არანაკლები მნიშვნელობა აქვს. „ამ მონეტით საქართველოს ეროვნული ბანკი განამტკიცებს საქართველოს, როგორც ოქროს მომპოვებელი უძველესი ქვეყნის იმიჯს. საერთაშორისო ბაზარზე „ოქროს საწმისის“ მონეტის გატანით პოპულარიზება გაეწევა იმ ფაქტსაც, რომ ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ოქროს. როგორც მითი „ოქროს საწმისსა“ და „არგონავტებზე“ შესულია მსოფლიო მითოლოგიის საგანძურში, ასევე ქართული მონეტა „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით მსოფლიო საინვესტიციო და ნუმიზმატიკური მონეტების კოლექციის კუთვნილებად უნდა იქცეს“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე ავსტრიის სახელმწიფო ზარაფხანის გენერალურმა მენეჯერმა კურტ მეიერმა აღნიშნა, რომ ოქროს ფასის სტაბილური ზრდიდან გამომდინარე, მსოფლიოში იგი საუკეთესო ინვესტიცების საშუალება გახდა.
ავსტრიის სახელმწიფო ზარაფხანაში, სადაც „ოქროს საწმისის“ მონეტები დამზადდა, იჭრება ოქროს საინვესტიციო მონეტა „ვენის ფილარმონიკა“. შარშან 80 მილიონი ევროს ღირებულების „ვენის ფილარმონიკა“ გაიყიდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაფორმდება შეთანხმება ქართული საინვესტიციო მონეტების საერთაშირისო ბაზარზე გასატანად.