საქართველოს ეროვნულ ბანკსა და SWIFT-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და SWIFT-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

06 სექტემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკსა და SWIFT-ს (საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა) შორის კოპენჰაგენში (დანია) SWIFT-ის ყოველწლიურ კონგრესზე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების  მემორანდუმს. საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციას ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი ხელმძღვანელობდა. მემორანდუმის მიხედვით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ავტომატიზებული საკლირინგო სისტემისთვის SWIFT-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გამოყენება, მეორე ეტაპზე კი რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის განახლება.   ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ღლონტის განცხადებით, ეროვნულ ბანკში კლირინგის დანერგვა ხელს შეუწყობს ეროვნული საგადამხდელო სისტემების როლის ამაღლებას, საფინანსო ბაზრების ეფექტიანობის ზრდას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. „მიგვაჩნია, რომ SWIFT-ის სტანდარტებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებში საქართველოს ინტეგრაციას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა გიორგი ღლონტმა.   მემორანდუმზე ხელმოწერისას SWIFT-ის მხარეს წარმოადგენდნენ კომერციული არხებისა და განვითარებადი ბაზრების დეპარტამენტის უფროსი დევიდ პრაისი, საბანკო საბაზრო ინფრასტრუქტურების დეპარტამენტის დირექტორი გარი ბერტონი, რუსეთისა და დსთ-ის რეგიონული მენეჯერი სტივენ პალსტერმანსი, ევროპის, რუსეთისა და დსთ-ის საბანკო ბაზრების ინფრასტრუქტურების ბიზნეს მენეჯერი სტეფან ერნსტი, ხოლო ქართულ მხარეს – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ღლონტის გარდა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს ტექნიკური ოპერაციების სექტორის უფროსი ნიკოლოზ თუთბერიძე.   საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა SWIFT-ში მსოფლიოს 200 ქვეყნის 7500 საფინანსო დაწესებულება არის ჩართული. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნულ სისტემაში 1996 წლიდან გაწევრიანდა. ამჟამად SWIFT-ის მომსახურებით სარგებლობს საქართველოს 19 კომერციული ბანკი, რომელთა მიერ გადარიცხვები ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება.
სხვა სიახლეები