საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

05 მარტი, 2010

5 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის დიდ დარბაზში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და საქართველოში მოქმედმა ცხრა უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანმშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

მემორანდუმი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პირობებს.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული სტაჟირების, ექსპერტების გაცვლის, ერთობლივად სასწავლო–მეთოდური და სამეცნიერო–კვლევითი გამოცემების მომზადების ფარგლებში.

„ჩვენი ინიციატივის მთავარი ამოცანაა, საშუალება მივცეთ წარმატებულ სტუდენტებს ადგილზე გაეცნონ იმ ნოვაციებს, რომელსაც ეროვნული ბანკი საბანკო სფეროს სთავაზობს. თავად გახდნენ პროცესის მონაწილეები, გაეცნონ მსოფლიო ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებს“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკი სტაჟირების გასავლელად ტესტირების საფუძველზე აიყვანს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და უზრუნველყოფს მათთვის პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენისათვის სათანადო პირობების შექმნას. სტაჟირება ეროვნულ ბანკში 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება და  წელიწადში საშუალოდ ხუთ სტუდენტს მიიღებს. ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში. ასევე, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სტაჟიორთა ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში მაქსიმალურ ჩართვას და სტუდენტებისათვის პერიოდულად ბანკში ლექციებსაც ჩაატარებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ეროვნული ბანკი განიხილავს ახალგაზრდების დასაქმების საკითხსაც.

ურთიერთთანამშრონლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს შორის:

• ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
• საქართველოს უნივერსიტეტი
• თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
• ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი
• კავკასიის უნივერსიტეტი
• თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
• საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
• შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მემორანდუმი

სხვა სიახლეები