საქართველოს ეროვნულ ბანკსა და თურქეთის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სააგენტოს შორის  საბანკო ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და თურქეთის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სააგენტოს შორის საბანკო ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

02 ნოემბერი, 2007
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და თურქეთის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სააგენტოს შორის საბანკო ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამ მიზნით, თბილისს თურქული სააგენტოს წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, იუსუფ თუნელისა და მუსტაფა ექიმის ხელმძღვანელობით.     შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის საზედამხედველო სამსახურებს მათ ქვეყნებში არსებული  საფინანსო ორგანიზაციებისა და საფინანსო ბაზრების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის საშუალებას მისცემს. იგი ასევე შეესაბამება ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის რეკომენდაციებს კონსოლიდირებული და ყოველმხრივი ზედამხედველობის განხორციელებისა და საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობის პრინციპების შესახებ.      შეხვედრაზე სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა იუსუფ თუნელმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საფინანსო ორგანიზაციების საიმედოობასა და სტაბილური ფუნქციონირებას. მისი თქმით, თურქეთის საბანკო სისტემა საქართველოში წარმოდგენილია მსხვილი თურქული ბანკით „ზირაათბანკით“. მან მოუწოდა ქართველ ინვესტორებს შემხვედრი დაინტერესებისაკენ თურქეთის საბანკო სივრცეში.   „საქართველოს საბანკო სექტორი დინამიურად ვითარდება უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში და უკვე მიმდინარე წელს ქართულმა ბანკებმა  მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე დაიწყეს შესვლა. გამორიცხული არ არის ქართული ბანკების მიერ უახლოეს მომავალში თურქეთის საბანკო სექტორით დაინტერესებაც გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ თურქეთი საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. ამავე დროს, თურქეთს ძალზედ განვითარებული საბანკო სექტორი აქვს და საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურისათვის ამ სფეროში თურქეთის გამოცდილების გაზიარება საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო იქნება.“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა.          შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მოსაზრება ორი ქვეყნის საზედამხედველო სამსახურებს შორის გამოცდილების ურთიერთგაცვლის თაობაზე, რაც ამ სფეროს სპეციალისტების პროფესიული დონის ამაღლებას ითვალისწინებს.           
სხვა სიახლეები