საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის მიზნობრივი გრანტის გამოყოფაზე შეთანხმება გაფორმდა
28 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის დიდ დარბაზში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა შეთანხმება მიზნობრივი გრანტის გამოყოფის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და აშშ–ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა.
აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საბანკო სექტორის მართვისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების განვითარების მხარდაჭერას. კერძოდ, ანგარიშსწორების ინტეგრირებული სისტემისა(GPSS) და ინვესტიციების მართვის სისტემის(BSCB) შესყიდვის და დანერგვის ხელშეწყობას.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელთა მიზანია საბანკო სექტორში მოდერნიზებული, თანამედროვე ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა.“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. მისივე თქმით, ამერიკის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების განხორციელება გააუმჯობესებს საქართველოს ეროვნული ბანკის ინფრასტრუქტურას, უფრო ეფექტიანს გახდის ეროვნულ ბანკს და დაიცავს მას გარე საფრთხეებისგან; ამავდროულად, გაზრდის ყოველდღიური ოპერაციების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, როგორც სებ–ის საფინანსო ინფრასტრუქტურის მასშტაბით, ასევე ამ სისტემის სხვა მომხმარებლებისთვის ქვეყნის მასშტაბით.
„მხარდაჭერა, რომელსაც დღეს ვუცხადებთ საქართველოს ბანკს, ჩვენს შორის უკვე არსებული დიდი ხნის ურთიერთობის გაგრძელების ნიშანია. ჩვენი პარტნიორობის მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური გაძლიერებაა,“ – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.
ანგარიშწორების ინტეგრირებული სისტემა(GPSS) მოიცავს თანამედროვე უსაფრთხოების კომპონენტებს, არის სწრაფი და მოსახერხებელი. აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა საბანკო სექტორმა კრიზისული სიტუაციების შემთხვევაშიც შეძლოს ფულის მასის მოძრაობა, გაიცეს ხელფასები, პენსიები და შესრულდეს სხვადასხვა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები.
ინვესტიციების მართვის სისტემა(BSCB) მოიცავს ორ ქვესისტემას: საბუღალტრო აღრიცხვის სისტემას და ინვესტიციების მართვის სისტემას.
საბუღალტრო აღრიცხვის სისტემის მართვას განცალკევებულად უზრუნველყოფს სებ–ი. ეს სისტემა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იმუშავებს და სრულყოფილად ინტეგრირებული იქნება ეროვნულ ბანკში არსებულ სხვა სისტემებთან.
ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობის და ოპერაციების რაოდენობის ზრდამ, აგრეთვე ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებმა დღის წესრიგში დააყენა ასეთი პროგრამის დანერგვის აუცილებლობა. ამ ტიპის პროგრამები ფუნქციონირებს პრაქტიკულად ყველა ცენტრალურ ბანკში. საბანკო სისტემა მოიცავს ე.წ. ინვესტიციების მართვის პროგრამას, რომელიც ძირითადად მოიცავს საერთაშორისო რეზერვების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციების ავტომატიზაციას. აღნიშნული სისტემის დანერგვის შემდეგ შემცირდება ხელით ინფორმაციის შეყვანის აუცილებლობა და ქაღალდით დოკუმენტების ბრუნვა. შესაბამისად, შემცირდება ოპერაციული რისკები, გაიზრდება ოპერატიულობა და ეფექტურობა. პროგრამის მეშვეობით მოხდება ინვესტიციების დაგეგმვა, პორტფელის მართვა, რისკების შეფასება, საერთაშორისო ანგარიშწორება, ანგარიშგებების წარმოება, ბიუჯეტის დაგეგმვა და ფინანსური ანგარიშგების მომზადება.
შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის გახორციელებისთვის USAID–ის მიერ გამოყოფილი დახმარება 3,290,000 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის, არანაკლებ, 500,000 აშშ დოლარს გამოყოფს.