საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის საუკეთესო დიზაინის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა
16 აგვისტო, 2005
200 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მხატვარ-დიზაინერებს შეუძლიათ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ ბანკში 20 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის ავერსზე გამოსახული უნდა იყოს საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი, რევერსზე კი – სოხუმის ხედი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების დამზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვის კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსში წარმოდგენილი ესკიზებიდან სამი შეირჩევა, რომელთა ავტორებიც ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.
მხატვარ-დიზაინერები ნიკო ნიკოლაძის პორტრეტისა და აფხაზეთის (სოხუმის) ხედის შერჩევისას სრული თავისუფლებით ისარგებლებენ. თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკიც ოფიციალური ინტერნეტ-წარმომადგენლობის მეშვეობით გამოაქვეყნებს ნიკო ნიკოლაძის პორტრეტებსა და სოხუმის ხედების ამსახველ ფოტომასალას, რომლის გამოყენებაც შეეძლებათ კონკურში მონაწილე ქართველ და უცხოელ მხატვარ-დიზაინერებს.