საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს მენო სნელს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს მენო სნელს უმასპინძლა

15 მარტი, 2012

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, ნიდერლანდების ჯგუფის წევრი ქვეყნების ახლადდანიშნული აღმასრულებელი დირექტორი მენო სნელი სტუმრობდა.

ვიზიტის მიზანი საბანკო სექტორში არსებული ვითარებისა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების გაცნობა იყო. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან და ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძესთან. ბიზნესის განვითარების კუთხით არსებული სიტუაციის შესასწავლად მენო სნელი შეხვდა ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებსაც. საქართველოში ყოფნისას სტუმარი ეწვია შსს მომსახურების სააგენტოს და გაეცნო რუსთავის იუსტიციის სახლის ინოვაციურ სერვისებს.

„საქართველომ ეკონომიკური რეფორმების გატარების თვალსაზრისით შესძლო დაემკვიდრებინა თავისი ადგილი მსოფლიოს იმ წამყვან ქვეყანათა შორის, რომლებიც აღმასვლას განაგრძობენ. წარმოვადგენ საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ეს ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის, ვინაიდან ეს ქვეყანა საკმაოდ აქტიური, წარმატებული და ნოვატორი პარტნიორია. საქართველომ  შემოგვთავაზა 2013 წელს უმასპინძლოს ნიდერლანდების ჯგუფის  წევრთა შეხვედრას. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს შეთავაზება, პირადად მე მხარს დავუჭერ აღნიშნულ ინიციატივას.

საერთაშორისი სავალუტო ფონდისა და საქართველოს ურთიერთობა  არის საქმიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. ეს არის ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია პროგრესზე. დარწმუნებული ვარ, რომ ფონდის დირექტორები  აცნობიერებენ არსებულ ვითარებას და დადებითად აფასებენ საქართველოსა და ფონდს შორის ურთიერთობებს.

მართალია სავალუტო ფონდის მორიგი პროგრამა მხოლოდ მხარდამჭერ ხასიათს ატარებს, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს წარმატებული ეკონომიკური კურსის გაგძელებას“, - განაცხადა მენო სნელმა საქართველოში სტუმრობისას.

 

სხვა სიახლეები