საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საინვესტიციო, საიუბილეო და სამახსოვრო მონეტების დამზადებისა და მათი რეალიზების ახალი კონცეფცია შეიმუშავა
19 აპრილი, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს მუშაობა საინვესტიციო, საიუბილეო და სამახსოვრო მონეტების დამზადებისა და მათი რეალიზების ახალ კონცეფციაზე. მას შემდეგ, რაც შესწავლილი იქნება ამ მიმართულებით ევროპის რიგი ქვეყნების ცენტრალური ბანკების გამოცდილება, საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოს ნუმიზმატურ ბაზარზე გასვლას გეგმავს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, ივნისში საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს საინვესტიციო მონეტებს გამოუშვებს. „ამით ეროვნული ბანკი საქართველოს პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. მონეტას შეიძენენ როგორც უცხოელები, ასევე ჩვენი თანამემამულენი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ეროვნულ ბანკში „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით პირველი საინვესტიციო მონეტის პრეზენტაცია ივნისში გაიმართება. მანამდე, 13 მაისს დაგეგმილია ევროპის თასების მფლობელთა თასის 1981 წლის ფინალში თბილისის „დინამოს" გამარჯვების აღსანიშნავად მოჭრილი მონეტების პრეზენტაცია. მაისშივე იგეგმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოშვებული სამახსოვრო მონეტის პრეზენტაცია.