საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა
17 აპრილი, 2006
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც 2006-2009 წლებისათვის საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში 18 აპრილს 11 საათზე გაიმართება.
„საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგია 2006-2009 წლებისათვის“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ახლახანს დაამტკიცა.
სტრატეგიის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საშუალოვადიანი პერსპექტივის ძირითადი ამოცანა, არსებული პრობლემების თანდათანობით აღმოფხვრა და საბაზრო კონკურენციის პირობებში საბანკო სისტემის მდგრადობისა და ეფექტიანობის განმტკიცება, საბანკო სექტორის დინამიკური ზრდა და, შედეგად, ქვეყნის ეკონომიკაში მისი როლის ამაღლებაა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული ტენდენციებისა და პარამეტრების შესრულება საბანკო სისტემას დაიცავს შიდა და გარე უარყოფითი მაკროეკონომიკური შოკებისაგან, საბანკო სექტორის მიმართ გაიზრდება საზოგადოების ნდობა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დანაზოგების აკუმულირებას ბანკებში და მათ ინვესტიციებად გარდაქმნას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება და მიღება მიზნად ისახავს საქართველოში ისეთი საბანკო სექტორის ფორმირებას, რომელიც საკუთარ კლიენტებს საბანკო მომსახურების უნივერსალურ კომპლექსს შესთავაზებს“.