საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო ზედამხედველობის თემებზე სამსჯელოდ კავკასიის რეგიონის ზედამხედველები მოიწვია
19-20 აპრილს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი და მსოფლიო ბანკი.
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბანკო ზედამხედველობის წარმომადგენლები ფინანსური კრიზისის დროს გადადგმული ნაბიჯებისა და შედეგების შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს.
„მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა როლი აქვს საბანკო ზედამხედველობასა და სწორ რეგულაციას კრიზისული სიტუაციის მართვისას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ სწორედ მკაცრი რეგულაციების შედეგად საქართველოს საბანკო სექტორი გადაურჩა დიდ რყევებს და შეძლო იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც გასული წლის აგვისტოს ომით დაიწყო და შემდეგ მსოფლიო ფინანსური კრიზისით გაგრძელდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა სამუშაო შეხვედრის გახსნისას.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, შეხვედრა საინტერესო და სასარგებლო იქნება, ვინაიდან იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ქვეყნებმა ფინანსური კრიზისის დროს შეიძინეს, დაეხმარება მათ სამომავლოდ პრობლემების უფრო უმტკივნეულოდ დაძლევასა და ზედამხედველობის პროცესის უფრო ეფექტურად განხორციელებაში.