საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს სატვირთო ავტომანქანა გადასცა
07 თებერვალი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ საქართველოს ერთ-ერთ რელიეფურად საკმაოდ რთულ მხარეს – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეროვნული ბანკის მიერ ექსპლუატაციიდან ამოღებული ფულის გადამზიდავი მანქანა გადასცა. გადაცემის ფაქტს აღნიშნულ რეგიონში პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებული ოთარ სირაძე დაესწრო.
„კამაზის“ ტიპის ფულის გადამზიდავი მანქანა ეროვნული ბანკის მიერ ამ დანიშნულებით უკვე აღარ გამოიყენება მას შემდეგ, რაც პოლონეთის ცენტრალურმა ბანკმა „მერსედესის“ მარკის თანამედროვე დაჯავშნული ავტომანქანა აჩუქა. ფულის გადაზიდვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძველი მანქანის შემდგომი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ იყო. აღნიშნული მიზეზით, ეროვნულმა ბანკმა მისი ჩამოწერის გადაწყვეტილება მიიიღო.
„რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე რელიეფურად რთული რეგიონი და მეწყერსაშიში ზონაა. რეგიონში მრავლადაა ისეთი ადგილები, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე გადაადგილება შეუძლებელია. ამდენად, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილება, დაეხმაროს რეგიონს, მხარის ხელმძღვანელობას აუცილებლად წაადგება“, – აღნიშნა მანქანის გადაცემისას პრეზიდენტის რწმუნებულმა რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ოთარ სირაძემ.